რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ნიკოლოვი: ბულგარეთი რუსეთის წინააღმდეგ სამართლებრივი დავისთვის მზად არის

ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ნიკოლოვი

ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ალექსანდრე ნიკოლოვმა CNN-თან ინტერვიუში თქვა, რომ ბულგარეთის მთავრობა მოსკოვის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის წარმოებისთვის მზად არის მას შემდეგ, რაც რუსულმა ენერგოგიგანტმა, გაზპრომმა ქვეყანას გაზის მიწოდება შეუწყვიტა. 

"ბულგარგაზმა ტრანზაქცია შეასრულა, რის შემდეგაც თანხა გაზპრომიდან უკან დაბრუნდა. თუ ჩვენ ვსაუბრობთ კონტრაქტის დარღვევაზე, მაშინ სამართლებრივი პერსპექტივიდან აბსოლუტურად ნათელია, ვინ დაარღვია კონტრაქტი". - თქვა ნიკოლოვმა.

როდესაც პუტინის ინიციატივით, გადახდის სქემა შეიცვალა და არამეგობრულ ქვეყნებს ენერგორესურსების საფასურის რუბლში გადახდა მოსთხოვეს, ნიკოლოვის თქმით, ბულგარეთმა უარი განაცხადა და გადახდის მექანიზმთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მოითხოვა, რომელიც გაზპრომისგან ამ დრომდე არ მიუღია. 

"ჩვენ საკმაოდ მკაფიოდ ვაჩვენეთ, რომ ევროკავშირის საერთო პოზიციას მივყვებით. ჩვენ არ მივიღებთ იმ მოცემულობას, სადაც კონტრაქტის ფარგლებში, ერთ-ერთმა მხარემ გადახდის მექანიზმის მთლიანად შეცვლა გადაწყვიტა. ასე რომ, აღმოვჩნდით იქ, სადაც დღეს ვართ... მაგრამ, ამ მძიმე ვითარებაშიც ვცდილობთ კონტრაქტის ყველა წინაპირობის დაცვას". - ამბობს ნიკოლოვი.

ბულგარეთის გაზის მარაგების 90% რუსეთიდანაა იმპორტირებული. ენერგეტიკის მინისტრის თქმით, ბულგარეთი იმპორტის სხვადასხვა მიმწოდებელზე გადანაწილების გეგმას განიხილავს და სხვა რეგიონებთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებას ცდილობს. 

"პრაქტიკულად, 90%-დან 0-მდე ჩამოსვლა, რა თქმა უნდა, რთულია, ჩვენ გარკვეული ფასის გადახდა მოგვიწევს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, სუვერენიტეტი და უკრაინის მიმართ სოლიდარობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია.

ჩვენ ვართ აღმოსავლეთ ფლანგზე, ყველაზე ახლოს რუსეთთან, სადაც ომი სხვა განზომილებაში გადადის. კომუნალური მომსახურება რუსეთისთვის არამხოლოდ ენერგეტიკული ინსტრუმენტი, არამედ სოციალური უბედურების იარაღია". - ამბობს ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრი.

რუსულმა ენერგოგიგანტმა, გაზპრომმა პოლონეთსა და ბულგარეთის გაზის მიწოდება 27 აპრილს შეუწყვიტა. მიზეზი ქვეყნების მიერ ბუნებრივი აირის საფასურის რუბლში გადახდაზე უარია. პოლონეთისა და ბულგარეთის მთავრობების ცნობით, მათ ბუნებრივი აირის საკმარისი რეზერვი აქვთ და ენერგომომარაგებას საფრთხე არ ემუქრება.

31 მარტს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა არამეგობრულ ქვეყნებთან ბუნებრივი აირით ვაჭრობის განკარგულებას, რომელიც გულისხმობს, რომ გარკვეულ ქვეყნებს გაზს რუბლში მიყიდიან.

თუ არამეგობრული ქვეყნები ბუნებრივი აირის რუბლებში შესყიდვაზე უარს იტყვიან, მათ გაზის მიწოდება შეუჩერდებათ. რუსეთმა არამეგობრული ქვეყნების სია უკრაინაში შეჭრის გამო მის მიმართ ახალი სანქციების დაწესების შემდეგ განაახლა

კომენტარები