კორონავირუსი საქართველოში

თანხას ცარიელ საწოლებში ვიხდიდით, პერსონალს დანამატი არ მიუღია – მინისტრი COVID-კლინიკებზე

საქართველოს მთავრობა

ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა კოვიდკლინიკების შემოწმების პროცესში გამოვლენილ სხვადასხვა დარღვევაზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, სახელმწიფო 2 წლის განმავლობაში აფინანსებდა კოვიდკლინიკებში არსებულ საწოლებს, თუმცა მათი 40% ცარიელი იყო. მისივე თქმით, ხშირად კლინიკები პაციენტების რაოდენობას ხელოვნურად ზრდიდნენ.

"2022 წლის იანვრიდან მოყოლებული აქტიურად ვაკვირდებოდით დატვირთულობას კლინიკებში. აღმოჩნდა, რომ ხშირად პაციენტთა მიღების თუ გაწერის მკაცრად გაწერილი კრიტერიუმები არ სრულდება და ხელოვნურად ხდებოდა მათი რაოდენობის ზრდა. ზუსტად ეს იყო საფუძველი, რომ არ მოხდა კლინიკების გადავსება და პიკურ პერიოდში საშუალოდ, 6 000 პაციენტი იყო სტაციონარში. ის 9 000 საწოლი, რაც მე იანვრის დასაწყისში დამხვდა, მით უმეტეს, არაპიკურ პერიოდში, საერთოდ არ იყო საჭირო. 1 700 საწოლი პირველივე კვირაში გავაუქმე. ვსაუბრობ ისეთ საწოლებზე, რომლებიც ცარიელი იყო და რომლებშიც სახელმწიფო 2 წლის განმავლობაში არცთუ ისე ცოტა თანხას, თითოში, დაახლოებით, 180 ლარს იხდიდა, დატვირთულობა კი 60% იყო. ანუ, 2 წლის განმავლობაში მობილიზებული საწოლებიდან მინიმუმ 40%-ში ცარიელ საწოლებში იხდიდა.

ზუსტად ეს თანხა უნდა ყოფილიყო საკმარისი, როდესაც შეტყობინებებს მივცემდით და ფაქტობრივ ანაზღაურებაზე გადავიყვანდით კლინიკებს. ამ ორი წლის განმავლობაში სულ კლინიკებისთვის 1 მილიარდი ლარია გადახდილი და კლინიკებს უნდა ჰქონოდათ იმის შესაძლებლობა, დროულად გადაწყობილიყვნენ ჩვეულ სამუშაო რეჟიმზე". – თქვა აზარაშვილმა.

მინისტრმა ასევე ისაუბრა სახელმწიფოს მიერ პანდემიის პერიოდში ექიმებისა და ექთნებისთვის გამოყოფილ სახელფასო დანამატებზე. მისი თქმით, გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც სამედიცინო პერსონალი ამ დანამატს არ იღებდა და მათ ხარჯზე ხელფასებს კლინიკის ადმინისტრაცია იზრდიდა.

"სამწუხაროდ, გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც კოვიდპანდემიის დროს ექიმებსა და ექთნებს მათთვის დარიცხული დანამატი არ მიუღიათ. თანაც, საუბარია თანხაზე, რომელსაც სახელმწიფო კონკრეტული მიზნობრიობით რიცხავდა და სამწუხაროდ, ბენეფიციარებამდე არ მიდიოდა. [...] სამწუხაროდ, რამდენიმე კლინიკაში იყო შემთხვევა, როდესაც დირექტორი და მისი მოადგილეები 5-10-ჯერ იზრდიდნენ ხელფასებს ექიმებისა თუ ექთნების დანამატებისა და სახელმწიფოს ხარჯზე". – თქვა მინისტრმა.

ზურაბ აზარაშვილის თქმით, როგორც კი, სამინისტრო კოვიდკლინიკების საქმიანობას სრულად შეისწავლის და ინფექციების გავრცელების, პროტოკოლის დარღვევის, თუ ფინანსური პრობლემების საერთო სურათი შეიქმნება, ეს ინფორმაცია ყველასათვის ხელმისაწვდომი იქნება. გარდა ამისა, მინისტრის განცხადებით, შემოწმდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებიც და ნებისმიერი დარღვევა გამოვლინდება.

"თუ ვინმე დანაშაულს ჩადიოდა, აუცილებლად დადგება მათი პასუხისმგებლობის საკითხი. აქ საუბარია კონკრეტულ კლინიკებზე. შეუძლებელი და პრინციპულად მიუღებელია, სახელმწიფო თავისი მოქალაქეებისა და ბიუჯეტის ხარჯზე კონკრეტულ კლინიკებს ამდიდრებდეს, ან ეს კლინიკები ამით "შოულობდნენ" ფულს". – თქვა ზურაბ აზარაშვილმა.

კომენტარები