რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთი უკრაინიდან იმპორტირებულ საქონელზე ტარიფებს 0-მდე ამცირებს

დიდი ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, უკრაინის ეკონომიკის დასახმარებლად უკრაინიდან ბრიტანეთში შესულ საქონელზე ყველა დამატებითი გადასახადი მოიხსნება

ტარიფები ნულამდე შემცირდება და არსებული კვოტები მოიხსნება, რაც უკრაინაში ბიზნესს და ისეთი ძირითადი პროდუქტების ექსპორტს შეუწყობს ხელს, როგორებიცაა ქერი, თაფლი, დაკონსერვებული პომიდორი და ფრინველის ხორცი. 

"ჩვენ ამ დიდ ბრძოლაში ურყევად ვდგავართ უკრაინის გვერდით და ვიმუშავებთ, რათა უკრაინა გადარჩეს და განვითარდეს, როგორც თავისუფალი და სუვერენული ერი". - თქვა ბრიტანეთის საერთაშორისო ვაჭრობის მდივანმა, ანა-მარი ტრეველიანმა.

დიდმა ბრიტანეთის წარმომადგენლების განცხადებით, ამჟამად უკრაინულ იმპორტზე საშუალო ტარიფი, დაახლოებით, 22%-ია. 

ასევე, ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, შეზღუდვები დაწესდება ბრიტანეთიდან რუსეთში პროდუქციის ექსპორტზე - მათ შორის, ნაღდი ფულის, ზღვის პროდუქტების, ტექნოლოგიებისა და ენერგეტიკულ საქონელზე. გასულ კვირას დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა ფუფუნების პროდუქტებზე: ხიზილალაზე, ვერცხლსა და ბრილიანტებზე.

24 თებერვალს რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებას განვითარებულმა სამყარომ ისტორიაში ყველაზე ძლიერი ეკონომიკური სანქციებით უპასუხა.

სანქციებს შორის მნიშვნელოვანია რუსეთის ცენტრალური ბანკისა და ძირითადი რუსული კომერციული ბანკების საერთაშორისო აქტივების გაყინვა. ასევე, რუსი შუამავლების უმეტესობა გარიცხულია SWIFT-ის სისტემიდან, რომელიც წევრ ბანკებს შორის ტრანზაქციების გასაადვილებლად გამოიყენება. პრეზიდენტი ბაიდენის განცხადებით, აშშ-მ აკრძალა რუსეთისგან ენერგორესურსების შესყიდვა, ხოლო ევროკავშირი წლის ბოლომდე იმპორტის საგრძნობლად შემცირებას გეგმავს. გარდა ამისა, აშშ-ის კონგრესმა რუსეთს ვაჭრობაში უპირატესი ქვეყნის სტატუსი ჩამოართვა, რათა რუსულ იმპორტზე დისკრიმინაციული ტარიფები დაწესდეს.

კომენტარები