ბიძინა ივანიშვილი

კობახიძე ჩანაწერზე: რომც დავუშვათ, რომ ავთენტურია, საუბარია რაღაც სავაჭრო ურთიერთობებზე

"რომც დავუშვათ, რომ ეს არის ავთენტური, საუბარია რაღაც სავაჭრო ურთიერთობებზე". - ასე ეხმაურება ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე Youtube-ზე გავრცელებულ ჩანაწერს, რომელიც, შესაძლოა, ასახავდეს ბიძინა ივანიშვილისა და სანქცირებული რუსი ოლიგარქის, ვლადიმირ ევტუშენკოვის საუბარს.

"თქვენ იცით, რომ საქართველოს აქვს ოფიციალურად დაფიქსირებული პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით - კერძოდ, საქართველო ინარჩუნებს სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთის ფედერაციასთან, ანუ, ხდება პროდუქტის ექსპორტირება, იმპორტირება - ეს არის ჩვენი გაცხადებული პოზიცია და ამაში არც კანონსაწინააღმდეგოა არაფერი და არც რაიმე სხვა პრინციპებთან მოვდივართ წინააღმდეგობაში. 

გარდა ამისა, პროდუქტის იმპორტირება ხდება მხოლოდ ადგილობრივი მოხმარებისთვის და არანაირი გადაყიდვის მიზნებისათვის". - ამბობს კობახიძე.  

გავრცელებულ ჩანაწერში, სადაც ორ სხვადასხვა დროს შემდგარი სავარაუდო ლაპარაკია ნაჩვენები, სავარაუდოდ ივანიშვილი სავარაუდოდ ევტუშენკოვს ეუბნება, რომ "სიტუაცია არასახარბიელოა, მაგრამ გაძლებაა საჭირო, რას იზამ". ამის შემდეგ, სავარაუდოდ ევტუშენკოვი თანამოსაუბრეს ეუბნება, რომ რაღაცას "მანდ დავითი მოიტანს", რაც მისივე თქმით, ივანიშვილსაც დააინტერესებს და სხვებსაც.

მეორე ზარის შემდეგ, სავარაუდოდ ევტუშენკოვი სავარაუდოდ ივანიშვილს ეუბნება, რომ "ჩემი კაცი ჩამოვიდა, ალი, იცნობ შენ მას" და ეკითხება, რომ ბოლოს და ბოლოს შეუძლია შეხვდეს თუ არა, რაზეც თანამოსაუბრე პასუხობს, რომ ის მაშინვე პრემიერს გაუგზავნა.  

კომენტარები