ბიძინა ივანიშვილი

პაპუაშვილი ჩანაწერზე: შეუიარაღებელი თვალითა და ყურით ჩანს, რომ მონტაჟია

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მონტაჟსა და დეზინფორმაციულ კამპანიას უწოდებს Youtube-ზე გავრცელებულ ჩანაწერს, რომელიც, შესაძლოა, ასახავდეს ბიძინა ივანიშვილისა და სანქცირებული რუსი ოლიგარქის, ვლადიმირ ევტუშენკოვის საუბარს. 

"ერთადერთი, რასაც ეს კამპანია ადასტურებს, არის ის, რასაც ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ - რომ მიმდინარეობს დეზინფორმაციული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ, იმისთვის, რათა ქვეყანაში არეულობა მოხდეს, რათა საქართველო ჩათრეულ იქნეს ომში. 

პრინციპში, ყველაზე კარგი რაც იყო, ჩვენ გუშინ ვიზუალურადაც კი ვიხილეთ, როგორ მზადდება და როგორ ხორციელდება დეზინფორმაციული კამპანია. ე.წ. ჩანაწერების ჩვენებით, რომელიც, მგონი, შეუიარაღებელი თვალითაც და ყურითაც ჩანს, რომ არის მონტაჟი, როგორ ხდება შემდეგ ამაზე რეაგირება შიგნით და გარეთ, ვინ არიან ამ ყველაფერში ჩართული, როგორ ხდება ამ თემის აქტუალიზება პარტიის, შემდეგ ენმ-ს ტელევიზიების მიერ, როგორ ხდება შემდეგ ენმ-ს ახალგაზრდული ფრთის, სირცხვილიას მიერ ამის ქვეყნის გარეთ გატანა და ა.შ". - ამბობს პაპუაშვილი. 

გავრცელებულ ჩანაწერში, სადაც ორ სხვადასხვა დროს შემდგარი სავარაუდო ლაპარაკია ნაჩვენები, სავარაუდოდ ივანიშვილი სავარაუდოდ ევტუშენკოვს ეუბნება, რომ "სიტუაცია არასახარბიელოა, მაგრამ გაძლებაა საჭირო, რას იზამ". ამის შემდეგ, სავარაუდოდ ევტუშენკოვი თანამოსაუბრეს ეუბნება, რომ რაღაცას "მანდ დავითი მოიტანს", რაც მისივე თქმით, ივანიშვილსაც დააინტერესებს და სხვებსაც.

მეორე ზარის შემდეგ, სავარაუდოდ ევტუშენკოვი სავარაუდოდ ივანიშვილს ეუბნება, რომ "ჩემი კაცი ჩამოვიდა, ალი, იცნობ შენ მას" და ეკითხება, რომ ბოლოს და ბოლოს შეუძლია შეხვდეს თუ არა, რაზეც თანამოსაუბრე პასუხობს, რომ ის მაშინვე პრემიერს გაუგზავნა.  

კომენტარები