რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ამერიკელი დიპლომატები სამუშაოდ უკრაინაში დაბრუნდებიან

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კიევში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ შესაძლოა, ამერიკელი დიპლომატები უკრაინაში მიმდინარე კვირაში დაბრუნდნენ. მისივე თქმით, ამერიკელების მხრიდან უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოსახატად ეს გადაწყვეტილება მკაფიო მესიჯი იქნება.

"ამერიკელი დიპლომატები უკრაინაში დაბრუნებას ქალაქ ლვოვიდან დაიწყებენ. აგრეთვე, ჩავლენ უკრანის სხვა მხარეებშიც და საბოლოოდ, მუშაობას განაახლებენ კიევშიც". - ამბობს ბლინკენი.

აგრეთვე, ბლინკენის განცხადებით, პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის დამატებითი 713 მილიონ დოლარიანი სამხედრო დახმარების გამოყოფას გეგმავს, რათა უკრაინა უფრო მეტად მიუახლოვდეს ნატოს სტანდარტებს. ბლინკენი განმარტავს, რომ კვლავ გაგრძელდება აშშ-ს მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარების მიწოდება და უკრაინელი ჯარისკაცების გადამზადება.

აშშ-ს თავდაცვის მდივანი და სახელმწიფო მდივანი - ლოიდ ოსტინი და ენტონი ბლინკენი კიევში არიან. მათ შეხვედრები გამართეს პრეზიდენტ ზელენსკისთან და უკრაინის მაღალი რანგის პირებთან, მათ შორის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ აშშ-ს მხარდაჭერისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე განიხილეს რუსეთისთვის სანქციების გამკაცრება, უკრაინისთვის კი ფინანსური და სამხედრო დახმარება. 

კომენტარები