რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის საგარეო უწყება ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით იმედგაცრუებულია

mfa.gov.ua

უკრაინის საგარეო უწყებამ იმედგაცრუება გამოხატა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ალექსანდერ შალენბერგის განცხადებაზე, რომელმაც თქვა, რომ ის უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ ისაუბრა.

"იმედგაცრუებულები ვართ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ უკრაინის ევროპულ მომავალთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებით. ჩვენ ამას მათი მხრიდან სტრატეგიულად წინდაუხედავ ნაბიჯად მივიჩნევთ და მსგავსი განცხადებები ერთიანი ევროპული ინტერესების საწინააღმდეგოცაა". - ამბობს ნიკოლენკო.

მისივე თქმით, ასეთი განცხადებები აგრეთვე უგულებელყოფს იმ ფაქტსაც, რომ ევროკავშირის დამფუძნებელი ქვეყნების მოსახლეობის უმრავლესობა უკრაინის წევრობას მხარს უჭერს.

"როგორც ჩანს, უკრაინაში მიმდინარე ომი, მსხვერპლი და ნგრევა მათთვის საკმარისი არ არის. სხვადასხვა მიზეზით უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გადადება ან მისი ალტერნატივის ძიება ნიშნავს, რომ პუტინს მისი აგრესიული გეგმების შესრულების ნება მისცე და უკრაინის შესაძლებლობების ჩართვით ევროკავშირის გაძლიერება შენელდეს. უკრაინას ყველა მიზეზი აქვს იმისთვის, რომ ევროკავშირისთვის მისი დამსახურებისა და სტრატეგიული როლის ობიექტური აღიარება მოითხოვოს. უკრაინის პრეზიდენტისა და უკრაინელი ხალხის სიმამაცისა და ურყევი ნების წყალობით ევროპას დღეს შეუძლია, რომ მშვიდად იცხოვროს". - თქვა ნიკოლენკომ.

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ალექსანდერ შალენბერგი მიიჩნევს, რომ უკრაინამ კანდიდატის სტატუსი ივნისში არ უნდა მიიღოს. მისივე თქმით, უკრაინას ევროკავშირთან დაახლოებისთვის არა მასში გაწევრიანება, არამედ სხვა გზები უნდა შესთავაზონ.

18 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის შევსებული კითხვარი ევროკავშირის წარმომადგენელს გადასცა

8 აპრილს, კიევში ვიზიტის დროს, ევროკომისიის პრეზიდენტმა ფონ დერ ლეიენმა ზელენსკის კითხვარი გადასცა, რომლის შევსებაც უკრაინის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის აუცილებელი ნაბიჯია. უკრაინამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის კითხვარის შევსება ერთ კვირაში დაასრულა. 

პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის დიპლომატიური მრჩეველი იგორ ჟოვკვა თვლის, რომ უკრაინა ევროკავშირში უახლოეს წლებში გაწევრიანდება.

 

კომენტარები