რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გაეროს გენერალური მდივანი მოსკოვსა და კიევში გამგზავრებამდე თურქეთში ჩავა

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში მოსკოვსა და კიევში გამგზავრებამდე, სადაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ჩავა. გუტერეში ანკარას 25 აპრილს ეწვევა და პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება. 

გავრცელებულ განცხადებაში გაეროს წარმომადგენელმა თურქეთს უკრაინა-რუსეთს შორის ჰუმანიტარული მოლაპარაკებების ღირსებული მასპინძელი უწოდა.

თურქეთში ვიზიტის შემდეგ, 26 აპრილს გუტერეში ჯერ მოსკოვში გაემგზავრება, ხოლო 28 აპრილს კიევში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

23 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ მისი აზრით, გაეროს გენერალური მდივანი ჯერ უკრაინაში უნდა ჩავიდეს, ნახოს ადგილები, სადაც უკრაინელები აწამეს და რუსეთის პრეზიდენტს მხოლოდ ამის შემდეგ შეხვდეს.

"ვფიქრობ, რომ თუ გენერალურ მდივანს დრო აქვს, ჯერ უნდა მოინახულოს ადგილები უკრაინაში – სადაც ჩვენი ხალხი აწამეს, გაანადგურეს, შემდეგ კი გამონახოს დრო მოსკოვში პატივცემული ხალხისთვის. მეჩვენება, რომ ეს უფრო მნიშვნელოვანია. იმის გაგება, თუ ზუსტად რა მოსაზრებები გვაქვს, რომლის გადაცემასაც გენერალურ მდივანი მოსკოვში ამ სახელმწიფოს პრეზიდენტთან შეხვედრისას შეძლებს. მხოლოდ კიევში ჩამოსვლა და საუბარი საკმარისი არ არის". – თქვა ზელენსკიმ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები