რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

იელენის თქმით, რუსეთმა უკრაინის აღდგენაში მონაწილეობა უნდა მიიღოს

ჯანეტ იელენი

აშშ-ს სახელმწიფო ხაზინის მდივანმა, ჯანეტ იელენმა აღნიშნა, რომ რუსეთმა ომის შედეგად განადგურებული უკრაინის აღდგენაში მონაწილეობა უნდა მიიღოს. 

"უკრაინის აღდგენის ხარჯები უზარმაზარი იქნება. და, რა თქმა უნდა, გვაქვს მოლოდინი, რომ რუსეთმა - ამა თუ იმ გზით, უნდა მიიღოს მონაწილეობა უკრაინის განსაახლებლად რესურსების მიწოდებაში". - თქვა იელენმა.

24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, აშშ-მ და მისმა ევროპელმა მოკავშირეებმა რუსეთის ცენტრალური ბანკის 640 მილიარდი დოლარის სავალუტო რეზერვების დაახლოებით ნახევარი გაყინეს. სახაზინო მდივანს პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, აპირებდა თუ არა გაყინული აქტივების უკრაინისთვის გადაცემას. 

იელენის განმარტებით, რუსეთისთვის გაყინული აქტივების ჩამოსართმევად შეიძლება საკანონმდებლო ორგანოს, კონგრესის თანხმობა გახდეს საჭირო. მისი განმარტებით, ამ ნაბიჯს აშშ მოკავშირეებთან კონსულტაციის გარეშე ვერ გადადგამს. 

"ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია და სანამ მას გადავდგამთ, აუცილებელია, შედეგებზე ვიფიქროთ". - აღნიშნა იელენმა. 

იელენმა თქვა, რომ აშშ მზად არის უზრუნველყოს კიევი დამატებითი 500 მილიონი დოლარის ეკონომიკური დახმარებით, გარდა იმ 500 მილიონი დოლარისა, რომელსაც გასულ თვეს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენი უკრაინას უკვე დაჰპირდა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები