რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

რუსეთის ახალი სანქციებით მარკ ცუკერბერგსა და კამალა ჰარისს ქვეყანაში შესვლა ეკრძალებათ

21 აპრილს რუსეთმა ამერიკელი სახელმწიფო წარმომადგენლების, ბიზნესმენებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. სანქცირებულ პირთა შორის არიან ვიცეპრეზიდენტი კამალა ჰარისი, Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე კეთლინ ჰიკსი და პენტაგონის სპიკერი ჯონ კირბი. 

ოფიციალური განცხადებით, სანქცირებულ პირებს რუსეთში შესვლა ეკრძალებათ.

16 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრს, ბორის ჯონსონსა და მთავრობის სხვა წევრებს რუსეთში შესვლა აეკრძალათ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბორის ჯონსონთან ერთად, ქვეყანაში შესვლა საგარეო საქმეთა მინისტრს, ლიზ თრასს, თავდაცვის მდივანს, ბენ უოლასსა და მთავრობის კიდევ 10 წევრს აუკრძალა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები