NDI-ის კვლევა 2022

NDI: 97% არ აპირებს ქვეყნის დატოვებას და ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველო მისი სახლია

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები ქვეყნის დატოვებას არ აპირებენ, თუმცა, მესამედს არ სჯერა, რომ კრიზისის დროს მთავრობა სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს. კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ახალგაზრდები, თბილისის მაცხოვრებლები და ოპოზიციის მხარდამჭერები მთავრობის მიერ კრიზისის დროს სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარს უფრო კრიტიკულად აფასებენ.

მოსაზრებას, "ჩემი ქვეყანა ჩემი სახლია და არ ვაპირებ მის დატოვებას" - 97% ეთანხმება. 87% მიიჩნევს, რომ საზოგადოებაში სოციალური სილიდარობის მაღალი დონეა. ამასთან, 62%-ს სჯერა, რომ კრიზისის დროს მთავრობა სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, 28%-ს არ სჯერა, ხოლო 9%-მა არ იცის.

სოციოლოგიური გამოკითხვა NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა.

საველე სამუშაოები სამ ნაწილად ჩატარდა -  3-15 თებერვალსა და 9-20 მარტს შემთხვევითი სატელეფონო გამოკითხვების, ხოლო 15-22 მარტს - ფოკუს ჯგუფების მეშვეობით. 

3-15 თებერვალს 2 036 დასრულებული ინტერვიუ (18% გამოპასუხება, AAPOR სტანდარტების მიხედვით) ჩატარდა, საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.8%-ია. 9-20 მარტსინტერვიუების რაოდენობა 2 024 იყო (18% გამოპასუხება, AAPOR სტანდარტების მიხედვით). ამ შემთხვევაში საშუალო ცდომილების ზღვარი +/-1.6%-ს შეადგენდა.

რაც შეეხება ფოკუსჯგუფებს, ონლაინ-დისკუსიები თბილისში, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში,
ახალქალაქსა მარნეულში ჩატარდა. თითოეულ ქალაქში ორი ჯგუფი გამოკითხეს.

კომენტარები