რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მაკრონი ლე პენს: თქვენ რუსეთის ძალასა და პუტინზე ხართ დამოკიდებული

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ გამართულ დებატებში, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ულტრამემარჯვენე კანდიდატი, მარინ ლე პენი კრემლზე დამოკიდებულების გამო გააკრიტიკა.

"თქვენ რუსეთის ძალასა და პუტინზე ხართ დამოკიდებული". - თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ამასთან ერთად, ემანუელ მაკრონმა, დებატების დროს ბევრჯერ შეახსენა მეტოქეს ჩეხეთ-რუსულ ბანკთან შეთანხმებული სესხი, რომელიც, მისი თქმით, "რუსეთის მთავრობასთან დაახლოებული ბანკია“.

მარინ ლე პენის ინფორმაციით, არცერთ ფრანგულ ბანკს არ სურდა მისთვის სესხის მიცემა, შესაბამისად, უცხოურ ბანკს მიმართა. ულტრამემარჯვენე კანდიდატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ იგი თავისუფალ უკრაინას უჭერს მხარს.

ამასთან ერთად, 13 აპრილს ლე პენი NATO-სა და რუსეთს ურთიერთობების გაძლიერებისკენ მოუწოდა. ხოლო 17 აპრილს საფრანგეთის პროკურატურის განცხადებით, ევროკავშირის თაღლითობის საწინააღმდეგო სააგენტოს საჩივრის საფუძველზე, ულტრამემარჯვენე პრეზიდენტობის კანდიდატის, მარინ ლე პენისა და მისი პარტიის წევრების მიერ ევროკავშირის ფონდების შესაძლო მითვისების ბრალდებით გამოძიება მიმდინარეობს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მარინ ლე პენს რუსეთთან დაახლოებაში ადანაშაულებენ. მიუხედავად იმისა, რომ მან საჯაროდ დაგმო რუსეთის უკრაინაში შეჭრა, დასავლელი კრიტიკოსები 2017 წელს ლე პენის მოსკოვში ვიზიტს იხსენებენ. ასევე, ლე პენის პოლიტიკური პარტია აქტიურად იყენებდა რუსულ სესხებს.

10 აპრილს საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართა. მოქმედმა პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ხმების 27.84% დააგროვა, ლე პენმა კი - 23.15%, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი ერთმანეთს 24 აპრილს, მეორე ტურში დაუპირისპირდებიან.

კომენტარები