უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ქვეყნის სამხედრო ძალებს არ აქვთ საკმარისი რაოდენობის "სერიოზული და მძიმე" შეიარაღება მარიუპოლის გასათავისუფლებლად.
მან დაასახელა ორი გზა, როგორ არის შესაძლებელი ქალაქისთვის ალყის მოხსნა. მისი თქმით, პირველი სერიოზულ და მძიმე შეიარაღებას მოიცავს, ხოლო მეორე - დიპლომატიურია, რასაც უკრაინის პრეზიდენტის თქმით, "ჯერჯერობით რუსეთი არ დათანხმებია".
"არ ვიცით, როდის შევძლებთ მარიუპოლისთვის ალყის მოხსნას. და ამას ღიად ვიძახი, რომ ბიჭებს მარიუპოლში ჩვენი გამარჯვება უნდათ, მათ თავისუფალი ქალაქი სურთ, არც ერთი აპირებს მტერს დანებდეს. ასეთია მათი შინაგანი განცდა, ეს არის ის, ვინც თავად არიან". - თქვა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, უცნობია იმ რამდენიმე ათასი ადამიანის მდგომარეობის შესახებ, რომლებმაც მარიუპოლი ჰუმანიტარული დერეფნების საშუალებით დატოვეს და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე წავიდნენ.
მარიუპოლის ალყა უკვე რამდენიმე კვირაა, რაც მიმდინარეობს. ქალაქის ძირითადი ნაწილი ოკუპანტებმა დაიკავეს. აზოვსტალის ქარხანაში აზოვის პოლკისა და ეროვნული გვარდიის მებრძოლები არიან გამაგრებული.
მარიუპოლის მცველთა ერთ-ერთმა მეთაურმა, უკრაინის 36-ე საზღვაო ქვეითთა ცალკეული ბრიგადის მაიორმა, სერგიი ვოლინამ ვიდეომიმართვაში მსოფლიოს ლიდერებს დახმარებისთვის მიმართა.
"ვიცავთ ერთ ობიექტს, ქარხანას, სადაც ომში მომწყვდეული მარიუპოლის სამხედრო გარნიზონი და მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებიან. მივმართავთ მსოფლიო ლიდერებს დახმარებისთვის. ვთხოვთ გაყვანის პროცედურის შესრულებასა და ჩვენი მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე გადაყვანას. მარიუპოლის გარნიზონში 500-ზე მეტი დაჭრილი ჯარისკაცია, არიან ასობით მოქალაქეები, ქალებისა და ბავშვების ჩათვლით. ვითხოვთ უსაფრთხოების უზრუნველყოფას მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე. მადლობა". – ამბობდა ვოლინა.
მარიუპოლში 20 აპრილს დარჩენილი მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული დერეფანი გაიხსნა, თუმცა, როგორც უკრაინის ვიცეპრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა თქვა, "დერეფანმა გეგმის მიხედვით ვერ იმუშავა", რაშიც რუსი ოკუპანტები დაადანაშაულა. მიუხედავად ამისა, მოსახლეობის მცირე ნაწილმა ზაპოროჟიეში ევაკუაცია შეძლო.





