რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი საკუთარი ეკონომიკის მხარდასაჭერად ბიუჯეტიდან 2.5 ტრილიონ რუბლს გამოყოფს

ანტონ სილუანოვი და ვლადიმირ პუტინი

რუსეთის ფინანსთა მინისტრის, ანტონ სილუანოვის თქმით, რუსეთი საკუთარი ეკონომიკის მხარდასაჭერად, რომელიც დასავლეთის უპრეცედენტო სანქციების სამიზნეა, 2.5 ტრილიონი რუბლის დახარჯვას გეგმავს.

"საბოლოო ჯამში, ფინანსური მხარდაჭერის გეგმისთვის გამოყოფილია 2.5 ტრილიონ რუბლზე მეტი. გეგმა ბიუჯეტის ასიგნებებს [განსაზღვრული თანხის გამოყოფა დამტკიცებული ხარჯების გასაწევად], ეროვნული სიმდიდრის ფონდსა და ჩვენ მიერ დაწესებულ საგადასახადო შეღავათებს მოიცავს". - ამბობს სილუანოვი. 

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფარგლებში, ქვეყნის $640 მილიარდი დოლარის ღირებულების რეზერვებიდან ოქროსა და ვალუტაში, $300 მილიარდზე მეტი გაყინულია.

რუსეთს მზარდი ინფლაცია და ქვეყნიდან კაპიტალის გადინება ემუქრება. ასევე, ქვეყანა დეფოლტის რეალური რისკის წინაშე დგას მას შემდეგ, რაც აპრილის დასაწყისში დოლარში დენომინირებული სახელმწიფო ვალის კონტრაქტით გათვალისწინებულ პირობებში გადახდა ვერ შეძლო


24 თებერვალს რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებას განვითარებულმა სამყარომ ისტორიაში ყველაზე ძლიერი ეკონომიკური სანქციებით უპასუხა.

სანქციებს შორის მნიშვნელოვანია რუსეთის ცენტრალური ბანკისა და ძირითადი რუსული კომერციული ბანკების საერთაშორისო აქტივების გაყინვა. ასევე, რუსი შუამავლების უმეტესობა გარიცხულია SWIFT-ის სისტემიდან, რომელიც წევრ ბანკებს შორის ტრანზაქციების გასაადვილებლად გამოიყენება. პრეზიდენტი ბაიდენის განცხადებით, აშშ-მ აკრძალა რუსეთისგან ენერგორესურსების შესყიდვა, ხოლო ევროკავშირი წლის ბოლომდე იმპორტის საგრძნობლად შემცირებას გეგმავს. გარდა ამისა, აშშ-ის კონგრესმა რუსეთს ვაჭრობაში უპირატესი ქვეყნის სტატუსი ჩამოართვა, რათა რუსულ იმპორტზე დისკრიმინაციული ტარიფები დაწესდეს.

კომენტარები