რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსმა ოკუპანტებმა მხოლოდ კიევის ოლქში 1 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ამ დრომდე, მხოლოდ კიევის ოლქში 1 000-ზე მეტი მშვიდობიანი უკრაინელი მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი. ამის შესახებ ინფორმაცია კიევის ოლქის პოლიციის სამმართველოს უფროსმა, ანდრეი ნებიტოვმა გაავრცელა.

"რუსული აგრესიის შედეგად, კიევის ოლქში უკვე 1 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული. მხოლოდ ბუჩაში, ამ დრომდე 420-ზე მეტი ცხედარი ვიპოვეთ. გვამების ძებნა გრძელდება, ადამიანები სახლებში ბრუნდებიან და ცხედრებს სახლებში, სარდაფებსა და ჭებში პოულობენ. ხალხი რუსების მიერ დანაღმულ ადგილებში კვდება და დაზიანებებს იღებს". - ამბობს ნებიტოვი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში სამხედრო აგრესიის პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები