რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ავტომობილების მწარმოებელი კომპანია Stellantis-ი რუსეთში წარმოებას წყვეტს

ავტომობილების მწარმოებელი კომპანია Stellantis-ი ლოგისტიკური სირთულეებისა და მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო, რუსეთის ქარხანაში წარმოებას აჩერებს

მსოფლიოში სიდიდით მეოთხე ავტომობილების მწარმოებელი კომპანია, რომელიც რუსეთში ამზადებდა და ყიდდა Peugot, Citroёn, Opel, Jeep და Fiat-ის ბრენდებს, ქვეყნის ავტომობილების ბაზრის 1%-ს შეადგენს. 

ასევე, კომპანიას მეორე იაპონურ ავტომობილების მწარმოებელ გიგანტთან, Mitsubishi-თან ერთად კალუგაში, მოსკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ფურგონების მწარმოებელი ქარხანა აქვს, სადაც წარმოება აპრილის დასაწყისში შეჩერდა.

"სანქციების ყოველდღიურად გამკაცრებისა და ლოგისტიკური სირთულეების გათვალისწინებით, Stellantis-მა კალუგაში წარმოება შეაჩერა. კომპანიას წარმოების გაგრძელებით სანქციების დარღვევა არ სურს. ასევე, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი თანამშრომლები". - ნათქვამია Stellantis-ის განცხადებაში. 

Stellantis-მა რუსეთთან საექსპორტო და საიმპორტო ბიზნესი უკვე შეაჩერა და წარმოება დასავლეთ ევროპაში გადაიტანა. კომპანიის განცხადებით, ისინი რუსეთში ინვესტიციებს აღარ გეგმავენ, ხოლო კალუგას ქარხანა მხოლოდ ადგილობრივი ბაზრის გაყიდვებისთვის რჩება. 

24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ უამრავმა უცხოურმა კომპანიამ დატოვა რუსული ბაზარი და დახურა ქარხნები რუსეთში. 

24 თებერვალს რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებას განვითარებულმა სამყარომ ისტორიაში ყველაზე ძლიერი ეკონომიკური სანქციებით უპასუხა.

სანქციებს შორის მნიშვნელოვანია რუსეთის ცენტრალური ბანკისა და ძირითადი რუსული კომერციული ბანკების საერთაშორისო აქტივების გაყინვა. ასევე, რუსი შუამავლების უმეტესობა გარიცხულია SWIFT-ის სისტემიდან, რომელიც წევრ ბანკებს შორის ტრანზაქციების გასაადვილებლად გამოიყენება. პრეზიდენტი ბაიდენის განცხადებით, აშშ-მ აკრძალა რუსეთისგან ენერგორესურსების შესყიდვა, ხოლო ევროკავშირი წლის ბოლომდე იმპორტის საგრძნობლად შემცირებას გეგმავს. გარდა ამისა, აშშ-ის კონგრესმა რუსეთს ვაჭრობაში უპირატესი ქვეყნის სტატუსი ჩამოართვა, რათა რუსულ იმპორტზე დისკრიმინაციული ტარიფები დაწესდეს.

კომენტარები