რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის თქმით, რუსეთში პროდუქტების მარაგები იწურება

Агентство "Москва"

რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის, ელვირა ნაბიულინას თქმით, რუსეთში პროდუქტების მარაგები იწურება. მისი სიტყვებით - "პერიოდი, როდესაც რუსეთს მარაგებით შეეძლო ეცხოვრა, დასრულდა". 

ელვირა ნაბიულინას განმარტებით, წლის მეორე ან მესამე კვარტალში სანქციების გავლენა რეალურ სექტორზე დაიწყებს გავრცელებას და ბიზნესს მოუწევს წარმოების ახალი მოდელებისა და ახალი მიმწოდებლების ძებნა. 

"სანქციები პირველად შეეხო ფინანსურ ბაზარს, მაგრამ ახლა ისინი დაიწყებენ მზარდ გავლენას ეკონომიკის რეალურ სექტორებზე. მთავარი პრობლემები დაკავშირებული იქნება არა ფინანსურ ინსტიტუტების სანქცირებასთან, არამედ იმპორტთან და საგარეო ვაჭრობის ლოჯისტიკისა და მომავალში რუსული პროდუქციის ექსპორტის შეზღუდვასთან", - განაცხადა ნაბიულინამ. 

ამასთანავე, დღეს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღიარა, რომ რუსეთში სამომხმარებლო ფასები მკვეთრად, 17.5%-ით გაიზარდა და რუსი ხალხის შემოსავლებზე ინფლაციის გავლენის შემსუბუქების მიზნით, მთავრობას გადასახადების ინდექსირებისკენ მოუწოდა. თუმცა, მისი მტკიცებით, დასავლეთმა ეკონომიკური სანქციების დაწესებით თავის გეგმას მაინც ვერ მიაღწია

24 თებერვალს რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებას განვითარებულმა სამყარომ ისტორიაში ყველაზე ძლიერი ეკონომიკური სანქციებით უპასუხა.

სანქციებს შორის მნიშვნელოვანია რუსეთის ცენტრალური ბანკისა და ძირითადი რუსული კომერციული ბანკების საერთაშორისო აქტივების გაყინვა. ასევე, რუსი შუამავლების უმეტესობა გარიცხულია SWIFT-ის სისტემიდან, რომელიც წევრ ბანკებს შორის ტრანზაქციების გასაადვილებლად გამოიყენება. პრეზიდენტი ბაიდენის განცხადებით, აშშ-მ აკრძალა რუსეთისგან ენერგორესურსების შესყიდვა, ხოლო ევროკავშირი წლის ბოლომდე იმპორტის საგრძნობლად შემცირებას გეგმავს. გარდა ამისა, აშშ-ის კონგრესმა რუსეთს ვაჭრობაში უპირატესი ქვეყნის სტატუსი ჩამოართვა, რათა რუსულ იმპორტზე დისკრიმინაციული ტარიფები დაწესდეს.

კომენტარები