რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინი: რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის ეკონომიკური "ბლიცკრიგის" გეგმა ჩაიშალა

ვლადიმირ პუტინის და დონალდ ტრამპის შეხვედრა, 2019 წლის ივნისი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღიარა, რომ რუსეთში სამომხმარებლო ფასები მკვეთრად, 17.5%-ით გაიზარდა და რუსი ხალხის შემოსავლებზე ინფლაციის გავლენის შემსუბუქების მიზნით, მთავრობას გადასახადების ინდექსირებისკენ მოუწოდა. თუმცა, მისი მტკიცებით, დასავლეთმა ეკონომიკური სანქციების დაწესებით თავის გეგმას მაინც ვერ მიაღწია. 

ინდექსაცია ნიშნავს ფასის კორექტირებას სხვა გაზრდილი ფასის მიხედვით. სახელმწიფომ ინდექსაციას ინფლაციის, ცხოვრების ღირებულების გაზრდის დროს შეიძლება მიმართოს.

ვლადიმირ პუტინის აზრით, დასავლეთი რუსეთში ფინანსურ-ეკონომიკური სიტუაციის დამძიმებას, ბაზრებზე პანიკის პროვოცირებას და საბანკო სისტემის დაშლას ცდილობდა, თუმცა, ეკონომიკური "ბლიცკრიგის" გეგმა ჩაიშალა. 

"რუსეთმა გაუძლო უპრეცედენტო ზეწოლას, რასაც რუბლის გამყარება მოჰყვა. ქვეყანას 2022 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო ვაჭრობიდან ისტორიულად მაღალი შემოსავალი აქვს - $58 მილიარდი". - ამბობს პუტინი.

ვლადიმირ პუტინის თქმით, ნაცვლად რუსეთისა, სანქციებმა უარყოფითი გავლენა აშშ-სა და მისი ევროპელი მოკავშირეების ეკონომიკებზე იქონია, დააჩქარა ინფლაცია და გააუარესა საშუალო ცხოვრების დონე. 

24 თებერვალს რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებას განვითარებულმა სამყარომ ისტორიაში ყველაზე ძლიერი ეკონომიკური სანქციებით უპასუხა.

სანქციებს შორის მნიშვნელოვანია რუსეთის ცენტრალური ბანკისა და ძირითადი რუსული კომერციული ბანკების საერთაშორისო აქტივების გაყინვა. ასევე, რუსი შუამავლების უმეტესობა გარიცხულია SWIFT-ის სისტემიდან, რომელიც წევრ ბანკებს შორის ტრანზაქციების გასაადვილებლად გამოიყენება. პრეზიდენტი ბაიდენის განცხადებით, აშშ-მ აკრძალა რუსეთისგან ენერგორესურსების შესყიდვა, ხოლო ევროკავშირი წლის ბოლომდე იმპორტის საგრძნობლად შემცირებას გეგმავს. გარდა ამისა, აშშ-ის კონგრესმა რუსეთს ვაჭრობაში უპირატესი ქვეყნის სტატუსი ჩამოართვა, რათა რუსულ იმპორტზე დისკრიმინაციული ტარიფები დაწესდეს.

კომენტარები