თურქეთი

თურქეთმა ჩრდილოეთ ერაყში ქურთისტანის მუშათა პარტიის წინააღმდეგ ოპერაცია დაიწყო

კადრი თურქეთის თავდაცვის სამინისტროს გავრცელებული ვიდეოდან

თურქეთმა ჩრდილოეთ ერაყში ქურთისტანის მუშათა პარტიისა (PKK) და ქურთისტანის თემთა კავშირის (KCK) წინააღმდეგ სახმელეთო-საჰაერო ოპერაცია დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელდა

თურქეთის მხარის თქმით, მათ ოპერაცია დაიწყეს PKK/KCK-სა და სხვა მსგავსი ჯგუფების მიერ თურქეთის მოსახლეობის წინააღმდეგ "ტერორისტული თავდასხმების უვნებელსაყოფად" და "სასაზღვრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად".

თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანა მეთინას, ზაპის, ავაშინისა და ბასიანის რეგიონებზე. 

როგორც თურქეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, ოპერაციის წინ მათ საჰაერო იერიშები მიიტანეს PKK/KCK-ს თავშესაფრებზე, ბუნკერებზე, სამალავ გამოქვაბულებზე, გვირაბებზე, იარაღის საწყობებსა და შტაბ-ბინებზე. საჰაერო თავდასხმას წინ უძღოდა საარტილერიო ცეცხლის გახსნა. 

თურქი სამხედროები, საჰაერო ძალების, ვერტმფრენებისა და უპილოტო საფრენი აპარატების მხარდაჭერით, ჩრდილოეთ ერაყის ტერიტორიაზე შევიდნენ. 

PKK თურქეთს, ევროკავშირის ქვეყნებსა და აშშ-ს ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავთ გამოცხადებული. ამ ჯგუფმა 1984 წელს სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში ამბოხებები წამოიწყო, რასაც დღემდე ათიათასობით ადამიანი ემსხვერპლა.

ჩრდილოეთ ერაყი ქურთებით არის დასახლებული. აქ მდებარეობს ქურთისტანის ავტონომიური რეგიონი.

კომენტარები