რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"ჩვეულებრივი აპოკალიფსი" – ნასტიას ისტორია, რომელმაც მარიუპოლიდან მშობლები გამოიყვანა

Svoy

ნასტია პავლოვამ მშობლები ბლოკადაში მყოფი მარიუპოლიდან გამოიყვანა. ნათესავების მიერ შეგროვებული ფულით ნასტიამ მიკროავტობუსი იყიდა და საომარი მოქმედებების ზონაში გაემგზავრა. დედისა და მამის გადასარჩენად წასული ახალგაზრდა ათობით ბლოკპოსტმა, მუქარამ და სროლამაც კი ვერ შეაჩერა.

ნასტიამ გამოცემა Свои-ს ინტერვიუ მისცა, მოჰყვა, თუ რას ხედავდა და გრძნობდა მარიუპოლისკენ მიმავალ გზაზე - საკუთარი თვალით ნახა სიკვდილს შეგუებული ათასობით ადამიანი, დანგრეული მშობლიური ქალაქი და ისინი, ვინც მის ოჯახს მშვიდობიანად ცხოვრების უფლება წაართვა.

ნასტია პავლოვა

მშობლების ძებნა ჩემი სამსახური გახდა

"მშობლებთან კავშირი მხოლოდ 3 დღე, 27 თებერვლამდე მქონდა. 

დედას ძალიან ეშინოდა ომის, სროლის, მაგრამ ევაკუაციის გაგონებაც არ უნდოდა. მეუბნებოდა: "ჩვენ გადავიტანეთ 2014 წელი, გავძლებთ, უკრაინა დაგვიცავს, ნუ ნერვიულობ". ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მარიუპოლს მიწასთან გაასწორებდნენ.

25 დღე ისინი კავშირზე არ გამოდიოდნენ, ეს საშინელება იყო. ძალიან შემეშინდა, როდესაც დანგრეული ქალაქის კადრები ვნახე და ჩემი მეგობრის ოჯახის დაღუპვის შესახებ შევიტყვე. 

თითქმის ერთი თვე მშობლების ძებნა ჩემი სამსახური გახდა. ინფორმაციის მისაღებად ვიწერებოდი ქალაქის ყველა ჩეთში, მეზობლებთან, ნათესავებთან.

თავიდან ვეძებდი მოხალისეებსა და ნაცნობებს, რომლებიც მარიუპოლში გაემგზავრებოდნენ და ჩემებს წამოიყვანდნენ. მოხალისეებმა უარი მითხრეს, მათი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გამოიყვანონ თავშესაფრებიდან, ორ მოხუცს სახლში არავინ მიაკითხავდა.

მივხვდი, რომ მშობლებს ჩემ გარდა ვერავინ დაიცავდა და გადაარჩენდა. აღარ დავაყოვნე, პირველივე დღიდან ვხვდებოდი, რომ წასვლა მომიწევდა.

არ გეტყვი, სად ვართ

ომის 28-ე დღეს მშობლებმა იპოვეს ადგილი, სადაც ტელეფონი იჭერდა. დედამ დამირეკა, როგორც იქნა, მისი ხმა მოვისმინე. მისი პირველი სიტყვები იყო: "არავითარ შემთხვევაში არ ჩამოხვიდე, არ გეტყვი, სად ვართ".

მარიუპოლში ხალხი მიიჩნევდა, რომ ევაკუაცია შეუძლებელია, რომ ქალაქიდან გასვლისთანავე აუცილებლად დაიღუპებოდნენ.

დედამ მომიყვა, რომ სახურავს ჭურვი მოხვდა და მათ საჭმელი უთავდებოდათ. როგორც იქნა, გადავარწმუნე და წამოსვლაზე დავითანხმე. მაგრამ როგორ? ქალაქში მოსახვედრად მანქანა იყო საჭირო. მე არც მანქანა მყავდა და არც ტარება ვიცოდი. მიკროავტობუსის ყიდვა გადავწყვიტე.

რუსულ ბლოკპოსტებზე მანქანების კონფისკაცია ხდება, იმ შემთხვევაში, თუ ადგილზე პატრონი არ არის. მიკროავტობუსი ჩემ სახელზე გავაფორმე. ერთ-ერთ ჩეთში, რომელშიც ადამიანები ახლობლებს ეძებდნენ, მძღოლს დავუკავშირდი. მას სიდედრისთვის წამლები მიჰქონდა.

ორშაბათს, 21 მარტს, მოხალისეთა კოლონასთან ერთად, ზაპოროჟიიდან მარიუპოლისკენ დავიძარით.

გამგზავრების წინ ანკეტა შევავსეთ, მივუთითეთ, ვინ ვართ და სად მივდივართ. არავის უნდოდა 30-მანქანიანი კოლონის სათავეში ყოფნა. ჩემმა მძღოლმა თქვა "რადგან არავის უნდა, მაშინ მე ვიქნები წინ". ძალიან შემეშინდა.

თავდაპირველად, შიში რაღაცნაირად ბლაგვია. ხვდები, რომ საშიშროება წინ გაქვს, სანამ უკრაინის მხარეს ხარ და საკუთარ სამხედროებს ხედავ, თავს უსაფრთხოდ გრძნობ, მაგრამ თითოეული კილომეტრის გავლასთან ერთად შფოთი იმატებს. ვერ შევამჩნიეთ, პირველ რუსულ ბლოკპოსტს როგორ მივადექით. მათ იგივე ფორმა ეცვათ, ოღონდ განსხვავებული, თეთრი ფერის სახვევები ეკეთათ. 

ყველა ბლოკპოსტზე თავშეკავებულად ვიქცეოდით. არ ვყვიროდით "დიდება უკრაინას"! რუსული ბლოკპოსტიდან იწყება საფრთხის შემცველი მონაკვეთი, რომელშიც შენი უფლებები ირღვევა, ეს იგრძნობოდა, იმ მომენტში რეალურად შემეშინდა.

მიკროავტობუსი, რომელიც ნასტიამ ნათესავების დახმარებით შეიძინა

ავტომატიდან დაგვიმიზნეს, მძღოლს ტელეფონი წაართვეს

ზაპოროჟიიდან მარიუპოლამდე მგზავრობას თითქმის 9 საათი მოვანდომეთ. დილის 9-ზე გავემგზავრეთ და ადგილზე 6-ის ნახევარზე ჩავედით. ყველა ბლოკპოსტზე ამოწმებდნენ საბუთებს, ჩხრეკდნენ მანქანას. გვიწევდა, დავლოდებოდით კოლონის სხვა წევრებს. პირველ ბლოკპოსტებზე შედარებით არააგრესიული ადამიანები იდგნენ. პატარა ბიჭები, რომლებიც მორიდებით გვთხოვდნენ მანქანის შემოწმებას.

რაც უფრო ვუახლოვდებოდით მარიუპოლს, სულ უფრო მეტი ჯარისკაცი გვხვდებოდა დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ფორმებში. ისინი საკმაოდ უხეშად გვექცეოდნენ.

ერთ-ერთ ბლოკპოსტზე, შემოწმებისას სამხედრომ ავტომატი დაგვიმიზნა, მეორეზე – მძღოლს ტელეფონი წაართვეს.

"მაროდიორი არ ვარ, მინდა ჩემებს დავურეკო". – თქვა დონეცკელმა სამხედრომ და მძღოლს 200 რუბლი და 200 გრივნა მისცა. 

ვთხოვეთ, ტელეფონი დაებრუნებინა, მაგრამ ყურადღება არ მოგვაქცია.

ჩვეულებრივი აპოკალიფსი

მარიუპოლში კომენდანტის საათის დაწყებამდე შევედით. ქალაქის ატმოსფერო დამთრგუნველი იყო. ჩვენ გარშემო დამწვარი მანქანები და ტანკები, დახვრეტილი სახლები და სახურავჩამონგრეული დამწვარი შენობები იყო. ჩამქრალთვალებიანი, ძალიან ბინძური ხალხის ბრბო, დანაღმული გზის გასწვრივ, ჰუმანიტარული დახმარების პუნქტებისკენ მიდიოდა. მათ ყველაფერი წაართვეს, დაეღუპათ ახლობლები.

გარშემო ნაგვის უზარმაზარი გროვები იყო, ჰაერშიც ნაგავი დაფრინავდა. ეს აპოკალიფსია.

ხედავ ამ ყველაფერს და გააზრება გიჭირს. ადგილობრივები ისე შეეჩვივნენ ყველაფერს, რომ სროლას და აფეთქებებს ყურადღებას არ აქცევდნენ. ისინი ეზოებში ისხდნენ და საჭმელს ამზადებდნენ. მათ გვერდით დონეცკის სიმბოლოებიანი ტანკი იდგა, ვიღაც ისროდა.

ქალაქში გადაადგილება რთულია. გზებზე ბევრი წაქცეული ბოძია. ყოველ 300-500 მეტრში რუსი სამხედროები დგანან. ისინი ჩხრეკენ მანქანას, ამოწმებენ საბუთებს. ერთ-ერთ ბლოკპოსტზე ვიკითხეთ, შევძლებდით თუ არა გზის გაგრძელებას, მათ შეგვაგინეს. გვერდით ქუჩაზე ბრძოლა გაჩაღდა. ორი წუთი მოგვცეს ადგილის დასატოვებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ცეცხლის გახსნით დაგვემუქრნენ. გარშემო სროლა ატყდა, მანქანის მობრუნება მოგვიწია, მშობლებამდე ვერ მივედით.

სანამ ქალაქში ვმოძრაობდით, კომენდანტის საათი დაიწყო. ვოლოდარსკში წასვლა და სკოლის ტერიტორიაზე გაჩერება მოგვიწია, რომელშიც დევნილთა ბანაკი იყო გახსნილი. იქიდან დევნილები დონეცკში ან როსტოვში გადაჰყავდათ.

ბანაკში იყვნენ ადამიანები, რომლებმაც ყველაფერი დაკარგეს. მათ იცოდნენ, რომ არავინ მოაკითხავდათ. ბანაკი მათი გადარჩენის ერთადერთი გზა იყო.

ნანახმა გული მატკინა. სკოლაში – იატაკზე, დერეფნებში, საკლასო ოთახებსა და სპორტულ დარბაზში ადამიანები ერთმანეთზე იწვნენ - ბებიები, ბაბუები, ქალები და ბავშვები. შენობაში სუნთქვა ჭირდა და ციოდა.

ბანაკში სვამდნენ ჩაის ან ყავას, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, უგემური იყო. რიგში საშინელ ისტორიებს ჰყვებოდნენ. ერთმა ბებიამ მოყვა, რომ 10 დღე საჭმლის გარეშე, სარდაფში იმალებოდა. ყოველდღე, დღეში ერთ უმ კვერცხს ჭამდა. ამ სიტყვების შემდეგ ტირილი დავიწყე.

მარიუპოლი ბლოკადაში

ადამიანები შეეჩვივენ სიკვდილს

მეორე დღეს დედ-მამასთან მისვლა შევძელი. აღარც სიხარული, აღარც ტირილი შემეძლო.

"უკრაინის ტერიტორიაზე ვიტირებთ". – ვუთხარი საკუთარ თავს და მშობლებს.

ემოციებისა და ჩაბარგების დრო არ გვქონდა. ყველა თითქოს გაშეშდა. არავინ იცოდა, თან რა უნდა წამოეღო. დედას საყვარელი ტანსაცმლის წამოღება ვურჩიე.

მიკროავტობუსით 8 ადამიანი გავიყვანეთ – ჩემი მშობლები და მათი მეზობლები. რამაც ძალიან დამწყვიტა გული ის იყო, რომ ხალხის დიდი ნაწილი ინფორმაციულ ვაკუუმშია. ისინი უსმენენ რადიოსადგურ ДНР-ს და ფიქრობენ, რომ ქალაქს უკრაინული მხარე ბომბავს. ისინი ელოდებიან, როდის დასრულდება ყველაფერი, მათთვის სულ ერთია, ვინ გაიმარჯვებს, მათ მხოლოდ გადარჩენა სურთ.

ამ ხალხს ვერ გავამტყუნებ. მათ ყოველდღე ბომბავენ. ბევრს არ უნდა წასვლა, სახლის, ოჯახის წევრების საფლავების მიტოვება. ნაწილი შეეგუა სიკვდილს, არ სჯერათ, რომ წასვლა და ახალი ცხოვრების დაწყება შეუძლიათ.

დედა ჯარისკაცებს დაჰპირდა, რომ მათთვის ილოცებდა

უკანა გზაზე მხოლოდ კაცებს ამოწმებდნენ. წელს ზევით აშიშვლებდნენ. ეძებდნენ აზოვის სვირინგებს. გადაგვყავდა თეთრბილეთიანი მგზავრები – მოხუცები, გულის პრობლემების მქონე ადამიანები, მაგრამ ბლოკპოსტებზე მათ მაინც ერჩოდნენ. გვეუბნებოდნენ: "თეთრ ბილეთში გიწერია, რომ ვარგისი არ ხარ მშვიდობიან დროს, ახლა კი ომია, რატომ არ იბრძვი? ლაჩარი ხარ"?

გზად მეზობელს გაახსენდა, რომ გასახსნელი დანა ჰქონდა, ფანჯრიდან გადავაგდეთ, დანის ტარება არ შეიძლებოდა.

ძალიან მტკივნეული იყო ჩვენი სამხედროების დანახვა. შენს ოჯახთან ერთად სახლში ბრუნდები, ჩვენი ბიჭები კი აქ რჩებიან, მინდოდა, ჩავხუტებოდი.

უკრაინული ბლოკპოსტის დანახვაზე ყველანი ავტირდით. დედა კითხულობდა ჯარისკაცების სახელებს, შეჰპირდა, რომ მათთვის ილოცებდა. მარიუპოლში ნანახმა დამასევდიანა. იქ ფასეულობები, როგორებიც არის კაცთმოყვარეობა, ჰუმანიზმი, სიყვარული და სამართლიანობა, ცარიელი სიტყვებია.

ვიღაცამ უბრალოდ გადაწყვიტა, რომ კითხვის დაუსმელად შეუძლია მოკლას ადამიანები, წაართვას სახლები. ერთადერთი, რაც სულს მითბობს, ჩვენი სამხედროებია, სანამ ისინი არსებობენ, სიკეთე და სინათლე ყოველთვის გაიმარჯვებს".

ამჟამად პავლოვების ოჯახს საფრთხე არ ემუქრება. თავის მოგზაურობას ნასტია გმირობად მიიჩნევს. ის გულწრფელად ამბობს, რომ მარიუპოლში კიდევ ერთხელ წასასვლელად არ არის მზად. მიკროავტობუსი გაიყიდა, მას კეთილი საქმეებისთვის უკრაინელი მოხალისეების ერთ-ერთი ჯგუფი იყენებს.

პავლოვების ოჯახი

 

კომენტარები