ნარკოდანაშაული

შსს: 4 ნარკორეალიზატორი დავაკავეთ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოვიღეთ

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის 7 პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, მათ შორის 4 ნარკორეალიზატორია. სამინისტროს მტკიცებით, რეალიზაციისთვის დაკავებულები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდნენ.

"სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე იყიდეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალებები - ჰეროინი, ალფა პვპ და ბუპრენორფინი და ფარულად ჩაიწერეს. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებადა ამოიღეს თ.რ.-ის მიერ გაყიდული ნარკოტიკული საშუალება ალფა პვპ.

პოლიციამ, ნ.ა.-ს პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო 50 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, ხოლო მისი ავტოფარეხის ჩხრეკისას ამოღებულია პოლიეთილენის 2 პარკში შეფუთული, ნახევარ კილოზე მეტი ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა, ასევე, 8 საბრძოლო ვაზნა და სავარაუდოდ, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფული - 1 800 აშშ დოლარი და
1 700 ლარი.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ფონიჭალის დასახლებაში დაკავებული ე. მ.-ის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია ჰეროინის შემცველი 500 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება. შ. ა.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად კი ამოღებულია სხვადასხვა ზომის 9 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი და 1 შეკვრა ნარკოტიკული
საშუალება მეტადონი" - აცხადებს შსს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 ნაწილებით, 273-ე პრიმა მუხლის მე-6 ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.

კომენტარები