კრიმინალი

თავა, ზალუა და 7 ადამიანი ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის გამო დავაკავეთ – შსს

shutterstock

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ზესტაფონში ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 9 ადამიანი დააკავეს.

დაკავებული არიან - 1981 წელს დაბადებული ვ. ე. (მეტსახელად თავა), 1980 წელს დაბადებული დ.კ. 1977 წელს დაბადებული ზ.მ. (მეტსახელად ზალუა), 1970 წელს დაბადებული ვ.მ. 1971 წელს დაბადებული ლ.ბ. 1990 წელს დაბადებული ა.ც. 1973 წელს დაბადებული ლ.მ. და 1967 წელს დაბადებული გ.ბ. 

შსს-ს ცნობით, მოქალაქეები ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის, საქმიანობის მხარდაჭერის, ე.წ. ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის ბრალდებით არიან დაკავებული. 1980 წელს დაბადებული ა. ჯ. კი ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ "ქურდული სამყაროს" წევრები - ა.ც. ლ.მ. და ზ.მ. ბიზნესპარტნიორებს შორის არსებული ფინანსური დავის გადაწყვეტის მიზნით, "ქურდული გარჩევის" მოსაწყობად დაუკავშირდნენ საზღვარგარეთ მყოფ ქართველ "კანონიერ ქურდს" - ლ.ჩ.-ს, რომელიც "ქურდულ გარჩევაში" დისტანციურად ჩაერთო და ერთ-ერთ ბიზნესმენს - ლ.ბ.-ს, მეორე ბიზნესპარტნიორის სასარგებლოდ, დადგენილ ვადაში 10 000 აშშ დოლარის გადახდა დააკისრა. 

მხარეებს შორის ფინანსური დავის საბოლოოდ გადაწყვეტის მიზნით, "ქურდული სამყაროს" წევრებმა რამდენჯერმე მოაწყვეს "ქურდული" გარჩევა, რომლებშიც საზღვარგარეთ მყოფი ქართველი "კანონიერი ქურდი" - ი. ხ.-ც მონაწილეობდა. ბრალდებულები სისტემატურად უკავშირდებოდნენ ერთმანეთს და აქტიურად განიხილავდნენ მხარეებს შორის არსებულ ფინანსურ დავას". - წერია განცხადებაში. 

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, კიდევ ერთი დაკავებულის, ა.ჯ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 2 ცეცხლსასროლი პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღო. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომლითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდებს უკავშირდებოდნენ. 

უწყების ცნობით, ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის, ე.წ. კანონიერი ქურდობის, ე.წ. ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის და ე.წ.ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე სსკ-ს 236-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაულები 3-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები