საპრეზიდენტო არჩევნები საფრანგეთში

ზურაბიშვილი: შემაშფოთებელი იქნება საფრანგეთში პუტინთან უფრო ახლოს მყოფი კანდიდატის მოგება

ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა MSNBC-სთან ინტერვიუში საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის შესაძლო დამარცხებისა და ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენის გამარჯვების პერსპექტივას "ძალიან შემაშფოთებელი" უწოდა.

"ძალიან შემაშფოთებელია, ასე რომ მოხდეს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს ასე არ იქნება. ყველაზე პროევროპული ლიდერი – ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერ შოლცთან და პოლონეთის პრეზიდენტ დუდასთან ერთად არის სამი ლიდერი, რომლებიც აძლიერებენ ევროპას. ევროპას, რომელიც იცავს უკრაინას და ევროპას, რომელიც კარს უღებს სამ ასოცირებულ ქვეყანას, საქართველოს, მოლდოვასა და, პირველ რიგში, უკრაინას.

ჩვენ ხვალ მივიღებთ კანდიდატის კითხვარს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯებია. ეს არის რუსეთის შეჭრის ნამდვილი პასუხები. ამიტომ, არსებითად შემაშფოთებელი იქნება პუტინთან უფრო ახლოს მყოფი კანდიდატის გამარჯვების ნახვა საფრანგეთის არჩევნებში. ვფიქრობ ეს შეაშფოთებს ყველა ქვეყანას, რომლებიც დამოკიდებული არიან ძლიერ ევროპაზე. ევროპაზე, რომელსაც აქვს ხედვა საკუთარი მომავლისა და პარტნიორების შესახებ". – თქვა ზურაბიშვილმა.

ემანუელ მაკრონი საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტს 2017 წლიდან იკავებს. მაკრონი ამბობს, რომ მისი ყველაზე დიდი მიღწევა უმუშევრობის და გადასახადების შემცირებაა, ასევე, ეროვნული უსაფრთხოებისთვის ხარჯების ზრდა. ლე პენი ულტრამემარჯვენე კანდიდატად მიიჩნევა, რომელიც ანტიმიგრაციული გზავნილებით გამოირჩევა. იგი საპრეზიდენტო არჩევნებში მესამედ მონაწილეობს.

საფრანგეთში პრეზიდენტს პირდაპირი კენჭისყრით ირჩევენ. თუ ვერც ერთი კანდიდატი ვერ მოიპოვებს ხმათა 50%-ზე მეტს, მაშინ არჩევნების მეორე ტური ინიშნება, რომელშიც სიის სათავეში მყოფი პირველი ორი კანდიდატი მონაწილეობს. საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 24 აპრილსაა ჩანიშნული.

კომენტარები