რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

იტალია რუსეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად, ალჟირიდან გაზის იმპორტს ზრდის

Petras Malukas/Agence France-Presse - Getty Images

იტალიის პრემიერ მინისტრი, მარიო დრაგი ორშაბათს, 11 აპრილს ალჟირს ეწვევა, რათა ახალი გაზის მიწოდების ხელშეკრულებას ხელი მოაწეროს. იტალია, სხვა ევროპული ქვეყნების მსგავსად, რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე, რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირებას გეგმავს.

იტალია წელიწადში დაახლოებით 30 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს იძენს რუსეთისგან, რაც მისი მთლიანი იმპორტის 40%-ს შეადგენს. იტალიისთვის ალჟირი სიდიდით მეორე მიმწოდებელია, რომლისგანაც 21 მილიარდი კუბური მეტრი გაზის იმპორტს ახდენს - იტალიის წლიური მოხმარების დაახლოებით 31%-ის.

იტალიის მთავრობის წარმომადგენლის ცნობით, მილსადენი, რომელიც გაზს ალჟირიდან იტალიაში ტუნისის გავლით აწვდის, მისი სიმძლავრის მხოლოდ 2/3-ით მუშაობს, შესაბამისად, ახალი მილსადენის აშენების გარეშე, იტალიას ენერგორესურსის ალჟირიდან შესყიდვის სწრაფად გაზრდის შესაძლებლობა აქვს.

24 თებერვალს რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებას განვითარებულმა სამყარომ ისტორიაში ყველაზე ძლიერი ეკონომიკური სანქციებით უპასუხა.

სანქციებს შორის მნიშვნელოვანია რუსეთის ცენტრალური ბანკისა და ძირითადი რუსული კომერციული ბანკების საერთაშორისო აქტივების გაყინვა. ასევე, რუსი შუამავლების უმეტესობა გარიცხულია SWIFT-ის სისტემიდან, რომელიც წევრ ბანკებს შორის ტრანზაქციების გასაადვილებლად გამოიყენება. პრეზიდენტი ბაიდენის განცხადებით, აშშ-მ აკრძალა რუსეთისგან ენერგორესურსების შესყიდვა, ხოლო ევროკავშირი წლის ბოლომდე იმპორტის საგრძნობლად შემცირებას გეგმავს. გარდა ამისა, აშშ-ის კონგრესმა რუსეთს ვაჭრობაში უპირატესი ქვეყნის სტატუსი ჩამოართვა, რათა რუსულ იმპორტზე დისკრიმინაციული ტარიფები დაწესდეს.

კომენტარები