რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბაიდენი: რუსეთი სამხედრო დანაშაულს სჩადის, მისი ადგილი ადამიანის უფლებათა საბჭოში არ არის

Win McNamee / Pool / AP

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი რუსეთის ადამიანის უფლებათა საბჭოდან გარიცხვას გამოეხმაურა. მისი თქმით, რუსეთი სამხედრო დანაშაულს სჩადის, ამიტომ მისი ადგილი ადამიანის უფლებათა საბჭოში არ არის. პრეზიდენტმა, ასევე, აღნიშნა, რომ ომის დასასრულებლად დასავლეთმა პუტინის რუსეთზე უნდა გააგრძელოს ეკონომიკური ზეწოლა და მისი იზოლაცია. 

"რუსი სამხედროები ომის დანაშაულს სჩადიან. რუსეთის ადგილი არ არის ადამიანის უფლებათა საბჭოში. დღევანდელი ისტორიული კენჭისყრის შემდეგ, რუსეთი ვეღარ შეძლებს, მონაწილეობა მიიღოს საბჭოს საქმიანობაში, ვეღარ გაამოიყენებს ამ პლატფორმას დეზინფორმაციის გასავრცელებლად. პარალელურად საბჭოს საგამოძიებო კომისია რუსეთის მიერ უკრაინაში ადამიანის უფლებათა დარღვევისა და შელახვის ფაქტებს იძიებს". - აღნიშნა პრეზიდენტმა. 

გუშინ, 7 აპრილს გაერომ რუსეთისთვის ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობის შეჩერებას მხარი დაუჭირა. გარიცხვის მომხრე 93 წევრი იყო, წინააღმდეგი - 24, 58-მა თავი შეიკავა.   

გაეროს გენერალური ასამბლეის განცხადებით, "ადამიანის უფლებათა საბჭოში წევრობის უფლება  შეუჩერდება საბჭოს წევრს, რომელიც ადამიანის უფლებების უხეშ და სისტემატურ დარღვევას ჩაიდენს".  

გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელმა, ლინდა თომას-გრინფილდმა ადამიანის უფლებათა საბჭოდან რუსეთის გარიცხვა 5 აპრილს მოითხოვა

"რუსეთს არ უნდა ჰქონდეს ავტორიტეტული პოზიცია იმ საბჭოში, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის უფლებების პატივისცემის ხელშეწყობას. ეს არა მხოლოდ თვალთმაქცობაა, არამედ საშიშიცაა". - თქვა ელჩმა. 

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავენ. ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. ბუჩიდან გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ რუსმა ოკუპანტებმა მშვიდობიანი მოქალაქეები ქუჩებში დახოცეს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების ქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ კი საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.

კომენტარები