რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ორბანმა პუტინს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა

ვიქტორ ორბანი

დღეს, 6 აპრილს უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრის დროს, რუსეთის პრეზიდენტს უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა.

უნგრეთის პრემიერმინისტრმა საერთაშორისო პრესკონფერენციაზე რუსეთის, უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებები შესთავაზა.

პრემიერმინისტრის თქმით, სატელეფონო საუბრის დროს, პუტინისგან დადებითი პასუხი მიიღო, თუმცა რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას თავისი პირობები აქვს.

"მე არ შემიძლია ამ პირობებზე საუბარი, ამაზე რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტები უნდა შეთანხმდნენ. ეს არის ომი, რომელიც რუსებმა დაიწყეს, მათ შეუტიეს უკრაინას. ეს არის ევროკავშირის ერთიანი პოზიცია, რომელსაც უნგრეთიც იზიარებს". - თქვა ორბანმა.

ამასთან ერთად, უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა, რუსეთს გაზის საფასური რუბლებში გადაუხადოს.

"ჩვენთვის, უნგრეთისთვის პრობლემა არ იქნება, რომ რუსეთს გაზის საფასური რუბლებში გადავუხადოთ. თუ რუსებს სურთ, რომ ეს თანხა რუბლში გადავიხადოთ, გადავიხდით რუბლში". - თქვა უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა 6 აპრილს გამართულ ბრიფინგზე.

უნგრეთის ნაციონალისტი ლიდერი, ვიქტორ ორბანი ქვეყნის პრემიერმინისტრად მეოთხე ვადით აირჩიეს. მისი წინასაარჩევნო კამპანია ტრადიციულ ქრისტიანული ღირებულებებს ეფუძნებოდა. ეს ვიქტორ ორბანის პარტიის,  Fidesz -ის მეოთხე გამარჯვებაა 2010 წლის შემდგომ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები