რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლიტვამ რუსული გაზის იმპორტზე სრულად თქვა უარი

Petras Malukas/Agence France-Presse - Getty Images

ლიტვამ რუსული გაზის იმპორტზე სრულად თქვა უარი. ამ გადაწყვეტილებით ის გაზპრომისგან გაზის მიმღები ევროკავშირის პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც რუსულ ბუნებრივ აირზე სრულად თქვა უარი. განცხადებას ლიტვის ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს.

"რუსული გაზისგან სრულად ენერგოდამოუკიდებლობისთვის, ევროპაში რუსეთის ენერგეტიკული შანტაჟისა და უკრაინის ომის საპასუხოდ ლიტვამ სრულად თქვა უარი რუსულ გაზზე. ამ თვის დასაწყისიდან ლიტვის გაზმომარაგების სისტემა სრულად რუსული გაზის იმპორტის გარეშე იმუშავებს". – ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, ლიტვაში გაზმომარაგების მოთხოვნები სრულად დაკმაყოფილდება  klaipeda-ს თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ტერმინალის საშუალებით. სამინისტრო აღნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში ლიტვას გაზის მიწოდება შესაძლებელია ლატვიიდან, ხოლო 1 მაისიდან პოლონეთიდან გაზის მომარაგების სისტემების მეშვეობით.

"ჩვენ ვართ გაზპრომისგან გაზის მიმღები ევროკავშირის პირველი ქვეყანა, რომელიც სრულად დამოუკიდებელი გახდა რუსული გაზის მიწოდებისგან. ეს მრავალი წლის განმავლობაში თანმიმდევრული ენერგო პოლიტიკისა და დროული ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებების შედეგია". – თქვა ლიტვის ენერგეტიკის მინისტრმა, დაინიუს კრეივისმა.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ, მათ შორის ამცირებენ რუსეთისგან ენერგორესურსების ყიდვას.

კომენტარები