რუსეთი-საქართველო

რუსი სენატორი: შესაძლოა აჭარამაც დაიწყოს საქართველოდან გამოყოფის პროცესი

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ანდრეი კლიმოვის თქმით, აჭარას შეუძლია, ე.წ სამხრეთ ოსეთის მაგალითს გაჰყვეს და საქართველოს გამოეყოს

სენატორი გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველო შეურთდა რუსეთის წინააღმდეგ ყველა ფინანსურ სანქციას. მანამდე ცხინვალმა განმარტა, რომ სურს, შეურთდეს რუსეთს. სენატორის აზრით, ზურაბიშვილის განცხადება სანქციებზე სწორედ ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთში შეერთებას უკავშირდება.

"არ გამოვრიცხავ, რომ მსგავსი მოვლენების ფონზე, აჭარამ მიბაძოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მაგალითს და დაიწყოს საქართველოდან გამოყოფის პროცესი. ისტორიული (პროთურქული), რელიგიური (ისლამური) და გეოგრაფიული (ზღვის საზღვარზე თურქეთთან მდებარე) ფაქტორების გათვალისწინებით მოსალოდნელია, რომ ანკარა არ გამოტოვებს შესაძლებლობას, გააძლიეროს თავისი გავლენა ჩრდილო-აღმოსავლეთ შავი ზღვის რეგიონში აჭარული სეპარატისტების მხარდაჭერით". - თქვა სენატორმა. 

რუსმა სენატორმა აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ქართველებს დააზარალებს ყველაზე მეტად: ტურისტთა რაოდენობის შემცირება, ქართული პროდუქტის რუსული ბაზრის დატოვება, მისი განმარტებით, ქვეყანას გააღარიბებს. რაზეც პასუხისმგებელი საქართველოს მთავრობა იქნება. 

ოკუპირებული ცხინვალის რუსეთის ფედერაციასთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმი 2022 წლის 10 აპრილის შემდეგ ჩატარდება

31 მარტს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მარიონეტი ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა თქვა, რომ რუსეთთან შეერთების შემთხვევაში, ე.წ. სამხრეთ ოსეთი ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანდება.

კომენტარები