რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გერმანია თანახმაა ჩეხეთმა უკრაინას გდრ-ს ყოფილი ჯავშანტექნიკა მიჰყიდოს

PbV-501

კრიტიკის ფონზე, რომ გერმანია კიევს საკმარის სამხედრო დახმარებას არ უწევს, ბერლინი თანახმაა ჩეხეთის რესპუბლიკამ უკრაინას მიჰყიდოს ქვეითთა საბრძოლო მანქანები, რომლებიც თავდაპირველად საბჭოთა კავშირის მიერ კონტროლირებულ გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკას (გდრ) ეკუთვნოდა. 

სამხედრო ტექნიკის გაყიდვის უფლების კონტრაქტების მიხედვით, ჩეხეთს სჭირდებოდა ბერლინის თანხმობა, რათა მათ უკრაინისთვის ჯავშანტექნიკა მიეყიდათ. 

ბერლინმა ჩეხეთს თანხმობა მისცა უკრაინას 56 ცალი PbV-501-ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანები მიჰყიდოს. ინფორმაცია დაადასტურა გერმანიის თავდაცვის სპიკერმა.

ეს ჯავშანტექნიკა თავდაპირველად ეკუთვნოდა გდრ-ს. გერმანიის გაერთიანების შემდეგ, 90-იანი წლების ბოლოს, ბერლინმა საბრძოლო ტრანსპორტიორები შვედეთს, ამ უკანასკნელმა კი შემდეგში ჩეხურ კომპანიას მიჰყიდა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები