ოკუპირებული ცხინვალი

ნონიაშვილი: ბიბილოვი და კრემლი ცხინვალის ანექსიაზე საუბრობენ, ოცნება სამარცხვინოდ დუმს

ბიბილოვი და შესაბამისად კრემლი საუბრობენ ცხინვალის რეგიონის ანექსიაზე. ამაზე საქართველოს ხელისუფლება სამარცხვინოდ და საგანგაშოდ დუმს. ეს დუმილი შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ არის შემრიგებლური პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტის მოშლასთან დაკავშირებით.

სამწუხაროდ, ეს ხელისუფლება წლების განმავლობაში ამ მიზანმიმართულ, გატრუნულ პოლიტიკას აწარმოებს. ხალხს აჯერებს, რომ რაც უფრო ჩუმად ვიქნებით, რაც უფრო გატრუნულები ვიქნებით და რაც უფრო ნაკლებად დავიცავთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, მით უფრო ნაკლებად შეგვეხება სუვერენიტეტის რღვევა, მით უფრო ნაკლებად შეგვეხება მტერი.

სინამდვილეში ეს ასე არაა. ზუსტად ეს მაგალითი კარგად აჩვენებს, რომ პირიქით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა ეცადოს ამ ქვეყნის გაძლიერება ყველა მიმართულებით იმისთვის, რომ ვერ მოგვერიონ, ჩვენი ქვეყნის ინტერესები დავიცვათ და გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენი ტერიტორიები დავიბრუნოთ.

ამბობს ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი ნონიაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას. 30 მარტს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მარიონეტმა ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა თქვა, რომ რუსეთთან შეერთების რეფერენდუმი ჩატარდება და "სამხრეთ ოსეთი იქნება რუსეთის ნაწილი – ზომებს მალე მივიღებთ".

კომენტარები