უკრაინის მხარდამჭერი აქცია

უკრაინისა და ჩვენი თავისუფლების მხარდასაჭერად – კვირას პარლამენტთან აქცია გაიმართება

"უკრაინისა და ჩვენი თავისუფლების მხარდასაჭერად"- რედისონ ბლუ ივერიაში აქციის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. 

აქცია კვირას, 3 აპრილს, 20:00 საათზე პარლამენტთან გაიმართება და მისი ორგანიზატორები არიან ტაბულა, თავისუფლების ინსტიტუტი, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება და ევროპული საქართველო. 

აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ პარლამენტთან მისული მოქალაქეები მოისმენენ სიტყვებს, მაგრამ არ იქნება არცერთი სიტყვით გამომსვლელი - ეკრანზე გავა ვიდეო-რგოლები, რომელიც ორი ქვეყნის თაობათა თავისუფლებისთვის ბრძოლას ასახავს.

ევროპული საქართველოს თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას თქმით, მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა, სხვადასხვა ფორმით გამოხატონ უკრაინის მხარდასაჭერა. 

"სანამ ბოროტების იმპერიის ეს ამაზრზენი აგრესია უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გრძელდება და ბოროტების იმპერიის და პუტინის საფრთხე არსებობს თავისუფალი სამყაროს, უკრაინის და პირველ რიგში უკრაინის შემდეგ ჩვენს წინაშე. სანამ ჩვენ არ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს დაიცავს, მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა, სხვადასხვა ფორმით, რა ფორმასაც იპოვიან გამოხატონ თავისი პოზიცია ამ საკითხზე, რომ ვერავინ უნდა დაგვათმობინოს თავისუფლება ილუზორული და მოგონილი მშვიდობის ხარჯზე".- ამბობს გიგა ბოკერია. 

ტაბულასა და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების (VES) დამფუძნებელმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა თქვა, რომ ეს აქცია არ ემსგავსება არცერთ სხვა აქციას, რომელიც საქართველოში ჩატარებულა. 

"გადავწყვიტეთ, რომ უფრო დიდი მიზანი გვეჩვენებინა ხალხისთვის, რომელიც გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ჩვენ და ჩვენი პოლიტიკოსები ვართ. აქციაზე გვექნება სიურპრიზები, სავარაუდოდ გამოფენა, ასევე კლიპის პრეზენტაცია, რომელიც ჩვენი საჩუქარი იქნება უკრაინელი ხალხისთვის. მოკლედ, კარგი ღონისძიება იქნება იმის გასახსენებლად, თუ რა გვაერთიანებს ჩვენ ყველას".- ამბობს ჩერგოლეიშვილი. 

კომენტარები