რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჩერნიგოვის მერი: დაგვპირდნენ, რომ დარტყმები შემცირდებოდა – რეალურად გაზარდეს

ჩრდილოეთ უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვის მერმა, ვლადისლავ ატროშენკომ CNN-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ რუსეთს ცეცხლი არ შეუწყვიტავს და რომ თავდასხმა "კოლოსალური" მასშტაბისაა. 

ჩერნიგოვის მერმა ეს აღნიშნა მას შემდეგ, რაც ჩერნიგოვის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიაჩესლავ ჩაუსმა თქვა, რომ ქალაქის დაბობმვა მთელი ღამის მანძილზე გრძელდებოდა. 

ვლადისლავ ატროშენკომ ინტერვიუში თქვა, რომ მოლაპარაკებების შედეგად დადებული პირობა ამჯერადაც არ შეასრულა რუსეთმა და ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ რუსეთი ყოველთვის იტყუება. 

”ისინი გვპირდებიან, რომ ინტენსივობა შემცირდება, მაგრამ მათ რეალურად გაზარდეს დარტყმების რაოდენობა. დღეს ჩვენ გვაქვს კოლოსალური თავდასხმა ჩერნიგოვის ცენტრზე. 25 ადამიანი დაიჭრა და საავადმყოფოებში არიან. თითოეული მათგანი მშვიდობიანი მოქალაქეა. ასე რომ, როცა რუსეთი რაიმეს ამბობს, ეს გულდასმით უნდა შემოწმდეს“. - ამბობს ვლადისლავ ატროშენკო CNN-თან ინტერვიუში.

ჩერნიგოვის მერის თქმით, რუსულმა ჯარებმა განახორციელეს დარტყმები ქალაქ ნიჟინზე, გაანადგურეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, ბიბლიოთეკები, სავაჭრო ცენტრები და მრავალი საცხოვრებელი კორპუსი. ასევე, ჩერნიგოვში მოსახლეობას არ აქვს ელექტროენერგია, წყალი, სითბო და გაზი.

"არის სოფლები, სადაც რუსული ტანკებია განთავსებული. ჩვენთვის ცნობილია, რომ იქ ჩვენი, უკრაინის მშვიდობიანი მოქალაქეები არიან და იქ, უმძიმესი ვითარებაა, რადგან არც წამლების, არც საკვების მიწოდება არ შეგვიძლია. უკრაინის ჯარები მზად არიან და ჩერნიგოვის რეგიონში რუს ჯარებს ებრძვიან" დასძინა მან.

კომენტარები