რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

WSJ: რუსეთმა ააშენა პარალელური გადახდის სისტემა, რომელიც დასავლეთის სანქციებს გადაურჩა

Photo Illustration: Alexander Hotz

როგორც The Wall Street Journal-ი წერს, დასავლეთის სანქციები რუსეთის ფინანსური სისტემის თითქმის ყველა ნაწილს შეეხო, მაგრამ არსებობს ერთი მნიშვნელოვანი გამონაკლისი. 

WSJ-ს ცნობით, რუსეთის შიდა გადახდის სისტემა შეუფერხებლად აგრძელებს მუშაობს მას შემდეგ, რაც Mastercard Inc. და Visa inc.-მა რუსული ბაზარი დატოვეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ კომპანიების ბაზრიდან გასვლა, დასავლეთის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯად განიხილებოდა, რეალურად რუსეთი ამისთვის მზად აღმოჩნდა. რუს მომხმარებელთა უმრავლესობას ქვეყნის შიგნით კვლავ შეუძლიათ გადარიცხვების განხორციელება.

2020 წლის Nilson Report-ის მონაცემებით, რუსეთში დაახლოებით 197 მილიონი Mastercard და Visa ბარათი იყო, თუმცა, სინამდვილეში, ტრანზაქციები არ იმართებოდა ამ კომპანიების გადახდის სისტემების მიხედვით. 2015 წლის შემდეგ, ისინი საშინაო გადახდის სისტემას იყენებდნენ, რომელსაც რუსეთის ცენტრალური ბანკი აკონტროლებს. 

ეროვნული გადახდის ბარათების სისტემა (NSPK) მართავს ფინანსურ პროცესს, რომელსაც რუსეთში ბარათების ტრანზაქციები ეყრდნობა იმისგან დამოუკიდებლად, თუ რომელი ბარათის ლოგო იქნება, Mastercard, Visa თუ სხვა. 

მოსკოვმა ამაზე ფიქრი რვა წლის წინ, ყირიმის ომის შემდეგ დაიწყო, რათა დაეცვა რუსეთის ეკონომიკა დასავლეთის სანქცებისგან. ასევე, სახელმწიფო აქტიურად აფინანსებდა რუსეთის საბარათე კომპანიას, Мир-ს, რომელიც აგებულია NSPK-ს ინფრასტრუქტურაზე. Мир-ის მონაცემების მიხედვით, 100 მილიონზე მეტი ბარათი გაიცა 2015 წლის, ბრუნვაში ჩაშვების დღიდან.

რუსეთის გადახდის სისტემის გამძლეობა დასავლეთთან ფინანსურ ომში ჩართვის შემდეგ, ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისია. რუსეთმა ვერ შეძლო დასავლეთის იმპორტის ჩანაცვლება, რის გამოც ორმაგი გამოყენების საქონლის შესყიდვის საჭიროება აქვს. ომამდე, რუბლის დასაცავად რუსეთმა $630 მილიარდის ღირებულების რეზერვები დააგროვა, მაგრამ ამან მნიშვნელობა მას შემდეგ დაკარგა, რაც ევროკავშირმა და აშშ-მ რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივები გაყინეს. 

"ჩვენ აქამდე უზრუნველყოფილნი ვიყავით ეროვნული უსაფრთხოებით გადახდების სივრცეში." - თქვა რუსული სავაჭრო ასოციაციის ეროვნული გადახდების საბჭოს ხელმძღვანელმა, ალმა ობაევმა.

Visa-ისა და Mastercard-ის ბარათების გამოყენების შეჩერებამ ქვეყნის გარეთ ტრანზაქციები შეუძლებელი გახადა. Мир-ის ქსელი რუსეთის გარეთ მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში ფუნქციონირებს, მათი უმეტესობა კი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებია. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს, TASS-ის ცნობით, რუსეთის ოფიციალური პირები აქტიურად აწარმოებენ მოლაპარაკებებს ვენესუელასა და ირანში, რათა გაზარდონ Мир-ის მოქმედების არეალი. ასევე, ინფორმაცია ვრცელდება იმაზე, რომ რუსეთი ჩინეთთანაც ცდილობს მოლაპარაკებას. 

მეორე მხრივ, არსებული შეზღუდვები, რომლის ფონზეც რუსეთის მოქალაქეებს რუსეთის გარეთ ტრანზაქციების განხორციელება, ან ფულის განაღდება არ შეუძლიათ, ქვეყნიდან სიმდიდრის გადინებას უშლის ხელს, რაც კრემლის ინტერესებს ემთხვევა. 

სანქციების დაწესებამდე, Visa-სა და Mastercard-ის წარმომადგენლებმა აშშ-ს ოფიციალური პირები გააფრთხილეს, რომ ტრანზაქციების აკრძალვა არ იქნებოდა ეფექტური და რომ ეს მხოლოდ Мир-ზე მოთხოვნას გაზრდიდა. 

Visa-სა და Mastercard-ის ბაზრიდან გასვლის შემდეგ, Rosbank-ის წარმომადგენლის თქმით, მათ საკრედიტო ბარათებზე, რომლებიც Мир-ის ქსელში მუშაობს, იანვარ-მარტის მონაცემებით, მოთხოვნა გაორმაგდა. 

კომენტარები