რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კრემლი: რომან აბრამოვიჩის მოწამვლის შესახებ ცნობები "საინფორმაციო ომის" ნაწილია

დიმიტრი პესკოვი
Natalia Kolesnikova / AFP / Getty Images

კრემლმა რუსი ოლიგარქის, რომან აბრამოვიჩის სავარაუდო მოწამვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო. კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, მსგავსი ცნობები "საინფორმაციო ომის" ნაწილია.

"ეს საინფორმაციო პანიკის, საინფორმაციო საბოტაჟისა და საინფორმაციო ომის ნაწილია. ეს ცნობები ყალბია, აუცილებელია, რომ საინფორმაციო ნაკადი მკაცრად გავფილტროთ". - თქვა პესკოვმა.

ამასთან, პესკოვმა დაადასტურა, რომ აბრამოვიჩი სტამბოლში მიმდინარე მოლაპარაკებებს ესწრება, თუმცა აღნიშნა, რომ რუსი ოლიგარქი რუსული დელეგაციის ოფიციალური წევრი არ არის.

"იმისთვის, რომ ორ მხარეს შორის კონტაქტები დამყარდეს, ორივე მხრის თანხმობაა აუცილებელი. აბრამოვიჩის შემთხვევაში მას ეს თანხმობა [ორივე მხრისგან] აქვს". - თქვა პესკოვმა.


The Wall Street Journal-ის ცნობით, რუს ოლიგარქს, რომან აბრამოვიჩსა და უკრაინული დელეგაციის 2 წევრს, რომლებიც ერთმანეთს კიევში, მარტის დასაწყისში, სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში შეხვდნენ, შეხვედრის შემდეგ, სავარაუდოდ, მოწამვლის სიმპტომები ჰქონდათ. ინფორმაციას გამოცემა საქმეში ჩახედულ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ინფორმაციას უარყოფს, უკრაინელი პარლამენტარი, რუსტემ უმეროვი, რომელიც The Wall Street Journal-ის ცნობით, ერთ-ერთია, ვინც აბრამოვიჩთან ერთად სავარაუდო მოწამვლის მსხვერპლი გახდა.

რომან აბრამოვიჩთან დაახლოებული წყაროები კი ადასტურებენ, რომ თვის დასაწყისში, სამშვიდობო მოლაპარაკებებზე დასწრების შემდეგ, რუსი ოლიგარქი, სავარაუდოდ, მოწამლული იყო.

კომენტარები