მარიუპოლში რუსმა სამხედრომ 11 წლის გოგონას სახეში ესროლა. ის ზაპოროჟიის საავადმყოფოში მკურნალობს. ინფორმაციასა და სიუჟეტს CNN ავრცელებს, რომელიც გოგონას ბავშვთა კლინიკაში ესაუბრა.
11 წლის ბავშვს 16 მარტს ესროლეს, როდესაც დედასთან და ბებიასთან ერთად ალყაში მოქცეული მარიუპოლის დატოვებას ცდილობდა. ისინი ევაკუაციისთვის განკუთვნილი მანქანით მიდიოდნენ, თუმცა ვასილივკას მახლობლად საგუშაგოზე რუსი ოკუპანტები დახვდნენ.
CNN-ის ცნობით, გოგონას საუბარი და გადაადგილება ისევ უჭირს, თუმცა მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.





