ქართული ოცნება

თალაკვაძე კარასინზე: გონივრული ეჭვია, დესტრუქციული ძალებისთვის კეთდება ასეთი განცხადებები

"როდესაც რუსეთის ფედერაციის მხრიდან კეთდება განცხადებები, ამას პირველი ყოველთვის საქართველოში ეხმიანება და აიტაცებს ხოლმე ნაციონალური მოძრაობა, რადიკალური ოპოზიციური ბანაკი. შესაბამისად, რა თქმა უნდა, არსებობს გონივრული ეჭვები, რომ სწორედ საქართველოს შიდა პოლიტიკურ სისტემაში დესტრუქციული ძალებისთვის კეთდება ხოლმე ასეთი განცხადებები" - ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების დეპუტატი არჩილ თალაკვაძე გორჩაკოვის ფონდში გამართულ შეხვედრაზე გრიგორი კარასინის განცხადებას, რომ სანქციებზე საქართველოს რეაქცია რუსეთს "შეუმჩნეველი არ დარჩება".

"სინამდვილეში, რასაკვირველია, არცერთი ასეთი შექება, არცერთი ასეთი რევერანსი რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებისთვის არ ნიშნავს არაფერს. ჩვენ გვაქვს ჩვენი მკაფიოდ განსაზღვრული პოლიტიკა, საქართველოს ტერიტორიების 20% გახლავთ ოკუპირებული და საქართველო განაგრძობს დასავლეთთან ერთად თავისი ტერიტორიების დეოკუპაციას, მშვიდობიანი გზებით საერთაშორისო სამართლებრივი გზებით და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით”, – თქვა თალაკვაძემ.

24 მარტს, მოსკოვში გორჩაკოვის ფონდისა და პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ორგანიზებით, ქართულ-რუსული საექსპერტო შეხვედრა გაიმართა. როგორც შეხვედრაზე რუსეთის ფედერალური საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების საკითხების კომიტეტის თავმჯდომარემ, გრეგორი კარასინმა აღნიშნა, 2012 წლის შემდეგ ქვეყნებს შორის ურთიერთობის რეგულირების მიზნით მან რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან 26 შეხვედრა გამართა. მოლაპარაკებების შედეგად კი რუსეთი საქართველოსთვის მნიშვნელობით მეორე სავაჭრო პარტნიორად იქცა, მოიხსნა მანამდე არსებული ყველა სავაჭრო შეზღუდვა და რუსეთში საქართველოს საექსპორტო წილი 14-ჯერ გაიზარდა.

კომენტარები