საზოგადოებრივი მაუწყებელი

შავი სიები - 1 არხის ჟურნალისტები ომბუდსმენს შესაძლო დისკრიმინაციის დადგენას სთხოვენ

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები, იმედა დარსალია, სოფო ზედელაშვილი და თამთა ჯანაძე სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას შესაძლო დისკრიმინაციის დადგენის განაცხადით მიმართავენ. ისინი გადაცემა ახალი კვირის სარედაქციო პოლიტიკაში უხეშ ჩარევასა და ე.წ. შავ სიებზე საუბრობენ. პრესის წარმომადგენლების უფლებებს კი საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო დაიცავს. ამ საკითხთან დაკავშირებით, ორგანიზაციის ოფისში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა.

სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევასა და ე.წ. შავ სიებზე ისაუბრა გადაცემა ახალი კვირის წამყვანმაც, იმედა დარსალიამ.

"მე გაგაცნობთ ერთი კონკრეტული ჟურნალისტისთვის გაკეთებულ ე.წ. შავ სიას, რომელსაც დავარქვათ საერთაშორისო ექსპერტების შავი სია. ამ შავ სიაში შედიოდნენ რონდელის ფონდის ექსპერტების უმრავლესობა, განსაკუთრებით ზურაბ ბატიაშვილი. ასევე, თინა ხიდაშელი, ბუკა პეტრიაშვილი, ლაშა ბაქრაძე, ეკა აკობია, ლელა ჯეჯელავა, ბათუ ქუთელია. აგრეთვე, ამ ჟურნალისტს დაუბლოკეს საბჭოთა კავშირის დანაშაულებებზე სიუჟეტი და აუკრძალეს ბელარუსის აქციების ანალიტიკურ სტილში გაშუქება. ჟურნალისტი იმაზეც გააფრთხილეს, რომ მას ეკრძალებოდა რუსეთზე ცუდის დაწერა". - ამბობს დარსალია.

კომენტარი გააკეთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა, მამუკა ანდღულაძემაც.

"საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა ახალი კვირის სარედაქციო გუნდის წევრები საუბრობენ ცენზურაზე, შავ სიაზე, რომ კონკრეტული პირების შეხედულებები, მოსაზრებები და ინტერვიუები არ მოხვდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. ამ ჟურნალისტებს არ ეძლევათ თავიანთი მოვალეობების სათანადოდ შესრულების უფლება და სწორედ იმიტომ, რომ მათ სურთ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ინფორმაციის გავრცელება, ამის გამო იყო ცენზურის არაერთი შემთხვევა. ჩვენ, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო მათ ვუწევთ სამართლებრივ დახმარებას, რომ მივმართოთ სახალხო დამცველს შესაძლო დისკრიმინაციისა და შრომით საქმიანობაში ჩარევასთან დაკავშირებით". - თქვა ბრიფინგზე ორგანიზაციის წარმომადგენელმა, მამუკა ანდღულაძემ.

საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა იურისტმა, თეონა ზაქარაშვილმა.

"ჩვენ სახალხო დამცველს მტკიცებულებებს წარვუდგენთ და ვფიქრობთ, რომ აღნიშნული საკმარისია იმისთვის, რათა დადასტურდეს დისკრიმინაციული მიდგომა და ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლა. ჩვენ მათ უფლებებს დავიცავთ გადაცემის რეორგანიზაციასთან დაკავშირებითაც, რომელიც არხმა გასული წლის დეკემბერში დაიწყო და გადაცემა ამ დრომდე ეთერში ისევ არ გასულა". - ამბობს ზაქარაშვილი.

პოლიტიკურ-სოციალური შინაარსის საკვირაო გადაცემა ახალი კვირა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გასული წლის 28 დეკემბრიდან მოყოლებული აღარ გადის. როგორც იმედა დარსალია ამბობს, ბოლო გადაცემის მერე თათბირი ჩაატარეს და აცნობეს, რომ ის აღარ იყო გადაცემის წამყვანი და გადაცემაც არსებული ფორმატით ჩერდებოდა. როგორც მას უთხრეს, გამოცხადდა რეორგანიზაცია, რომელიც თებერვლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო. სხვა დეტალები მისთვის ცნობილი არ იყო.

კომენტარები