ალტ ინფო

იურისტი კომისიას: ზუსტად ის გააკეთეთ, რაც გთხოვეთ – ALT INFO ომის პროპაგანდისტად გამოაცხადეთ

მთავარი/კადრი ვიდეოდან

"თქვენ ზუსტად ის გააკეთეთ, რაც მე გთხოვეთ - ალტ-ინფო ომის პროპაგანდისტებად გამოაცხადეთ" - ამის შესახებ GDI-ის თავმჯდომარე ედუარდ მარიკაშვილი კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მიმართავს, რომელმაც პუტინისტური, ძალადობრივი პლატფორმის, ALT INFO-ს წინააღმდეგ საჩივარი დაუშვებლად ცნო. მარიკაშვილის თქმით, კომისიის გადაწყვეტილებით, ალტ-ინფო უკვე იურიდიულად არის აღიარებული უკრაინაში რუსეთის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისა და ომის პროპაგანდისტად.

"მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საჩივარი დაუშვებლად ცნო კომისიამ. იქვე აღიარა, რომ ალტინფო ომის პროპაგანდას ეწევა.

სტრატეგიული სამართალწარმოება ჰქვია ამას. რეალურად მოიგო მაშინაც, როდესაც ფორმალურად აგებ. მოიგო იმიტომ, რომ წაგებითაც ზუსტად იმ მიზანს მიაღწიო, რასაც მოგებით მიაღწევდი. თან შეინარჩუნო უფლების დაცვის არსებული მაღალი სტანდარტი.

თუ არ გჯერათ, რამდენიმე საათის წინ ალტინფოს ეთერს შეხედეთ. ისინი ჯერ კიდევ ბედნიერები მაუწყებლობენ ეთერიდან და დიდი სიხარულით გვამცნობენ, რომ კომისიამ ედუარდ მარიკაშვილის საჩივარი არ დაუშვა განსახილველად, რადგან დანაშაულს კი არ ვამართლებთ (რის დადგენასაც ვითხოვდი), ომის პროპაგანდისტები ვართო.

უფრო სერიოზულად კი, დიახ, მე ვთხოვდი, კომისიას დაედგინა, რომ ალტინფო რუსეთის უკრაინაში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს ამართლებს.

კომისიამ, ცალი ფეხი ნაპირზე დატოვა, მეორე გემზე. ასეა ეხლა გაშეშებული. რატომ?

დანაშაულს კი ამართლებენ (რისთვისაც შეეძლოთ პასუხისმგებლობის დაკისრება და არ დააკისრეს, უფრთხილდებიან მაინც), მაგრამ მათ ამ საშინელ რიტორიკას დანაშაულის გამართლებამდე როგორ დავაკნინებთ, ეს ომის პროპაგანდააო. ომის პროპაგანდა კი თვითრეგულირების საკითხია, ჩვენ არ გვესაქმებაო.

ომის პროპაგანდა თვითრეგულირებაა კი. მიუხედავად იმისა, რომ მე, როგორც ერთი იურისტი, ვფიქრობ, სახელმწიფოს უსაფრთხოება გაცილებით მეტს მოითხოვს, თქვენ ბატონებო, ეს მეტი არ გეკუთვნით. მეტი ბერკეტებით პუტინს დაემგვანებით - "მაიმუნს ხელში ავტომატით". უფრო მეტიც, თქვენ ზუსტად ის გააკეთეთ, რაც მე გთხოვეთ - ალტინფო ომის პროპაგანდისტებად გამოაცხადეთ. ავტომატი კი, ჩემს გარეშეც შეგიძლიათ ხელში დაიკავოთ. ვიცი, რომ ამის დიდი სურვილი გაქვთ.

რაც შეეხება მათ, ვინც ალტინფოს, როგორც პარტიის აკრძალვის მოთხოვნას უჭერს მხარს. გილოცავთ, თქვენი მოთხოვნის საფუძვლების ერთ კომპონენტს - პარტია ეწევა ომის პროპაგანდას - ქართული ოცნების კონსტიტუციური ორგანოს დასკვნა უმაგრებს ზურგს" - წერს ედუარდ მარიკაშვილი.


კომუნიკაციების კომისიამ პუტინისტური, ძალადობრივი პლატფორმის, ALT INFO-ს წინააღმდეგ ადვოკატის, ედუარდ მარიკაშვილის საჩივარი დაუშვებლად ცნო. კომუნიკაციების კომისია მიზეზად ასახელებს, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონით ომის პროპაგანდის გავრცელების შემთხვევაში რეაგირება მხოლოდ მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებშია შესაძლებელი. 

"კომუნიკაციების კომისიამ საკითხის შესწავლისას მიიჩნია, რომ საჩივარში მოყვანილი მსჯელობები სცდება ცალკეული დანაშაულის გამართლების ფარგლებს და გადაცემაში ომის პროპაგანდის ნიშნები დაინახა. ომის პროპაგანდა თავისი არსით ისეთი დარღვევაა, რომლის გავრცელებაც მოქმედი კანონმდებლობით  24 საათის განმავლობაში სრულად იკრძალება. აქედან გამომდინარე დაუშვებელია ის მხოლოდ არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის მომხდენ გადაცემად, ვინაიდან რომელ საათზეც არ უნდა გავრცელდეს ომის პროპაგანდის შემცველი ინფორმაცია მაუწყებლის ეთერში ის ყოველთვის წინააღმდეგობაშია მაუწყებლობის შესახებ კანონის პრინციპებთან" - აცხადებს კომუნიკაციების კომისია და აღნიშნავს, რომ ედუარდ მარიკაშვილი არასრულწლოვანებზე მავნე ზეგავლენის მქონე ინფორმაციის გავრცელებისთვის ალტ-ინფოს სამართალდამრღვევად ცნობას ითხოვდა - საჩივრის მიხედვით, ტელეკომპანია ცდილობდა რუსეთის აგრესიული სამხედრო ინტერვენციის ეფექტების ნორმალიზაციას, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისთვის მორალური საფუძვლის წარმოჩენასა და მის დასაბუთებას. 

"გამომდინარე აქედან, საჩივრის ავტორი მიიჩნევდა, რომ სახეზეა დანაშაულებრივი ქმედებების გამართლება და კრიმინალის გაიდეალება. კომისიამ განმარტა, რომ ომის პროპაგანდის დაყვანა მხოლოდ არასრულწლოვნებისთვის მავნე ზეგავლენის მომხდენ პროგრამამდე, წინააღმდეგობაში მოვა "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 56-ე მუხლის არსთან და პრინციპებთან". - ვკითხულობთ განცხადებაში. 

კომენტარები