რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

WSJ: ზელენსკიმ ბაიდენს ურჩია, მოლაპარაკებების გამო არ დაეწესებინათ სანქციები აბრამოვიჩისთვის

ამერიკული გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, მარტის დასაწყისში აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა შექმნა სანქციების სამუშაო ვერსია, რომელიც რუს ოლიგარქს, რომან აბრამოვიჩს ეხებოდა, თუმცა მათივე ცნობით, როდესაც სანქციების გამოცხადების დრო დადგა, რომელიც თანხვედრაში უნდა ყოფილიყო ბრიტანეთისა და ევროკავშირის სანქციებთან, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ მისი შეჩერება მოითხოვა.

Wall Street Journal-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ამას შემდეგი მიზეზი ჰქონდა: ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯო ბაიდენს ურჩია, რომ თავი შეეკავებინათ რომან აბრამოვიჩისთვის სანქციების დაწესებისგან, რადგან მას შესაძლოა მნიშვნელოვანი როლი ჰქონოდა რუსეთთან მოლაპარაკებების დროს.

"არ ვაპირებთ წავიკითხოთ პირადი საუბრები პრეზიდენტ ბაიდენსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის", - განუცხადა თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერმა, ემილი ჰორნმა გამოცემას.

აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა და უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა WSJ-ის კომენტარზე უარი უთხრეს.

"მოლაპარაკებებისთვის და მისი წარმატებით დასრულებისთვის, არ იქნება სასურველი კომენტარის გაკეთება ამ პროცესზე, ან აბრამოვიჩის ჩართულობაზე მოლაპარაკებებში", - განაცხადა აბრამოვიჩის პრესსამსახურმა.

10 მარტს, დიდმა ბრიტანეთმა რუს ოლიგარქს, რომან აბრამოვიჩს სანქციები დაუწესა

რომან აბრამოვიჩი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ საფეხბურთო კლუბ ჩელსის მმართველობიდან გადადგა. მოგვიანებით კი განაცხადა, რომ კლუბს ყიდდა და შემოსულ თანხას უკრაინაში ომით დაზარალებულებს გადარიცხვას აპირებდა.

კომენტარები