რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლიტვის თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა და თავის უკრაინელ კოლეგას შეხვდა

ლიტვის თავდაცვის მინისტრი, არვიდას ანუშაუსკასი უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩავიდა. ის თავის უკრაინელ კოლეგას, ოლეკსი რეზნიკოვს შეხვდა. ვიზიტის ამსახველი მასალა და პოსტები მინისტრებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს.

"დღეს კიევში ჩავედი, რათა უკრაინის თავდაცვის მინისტრს შევხვედროდი. ვისაუბრეთ კიევისა და მთლიანად უკრაინის დაცვის შესახებ. რეზნიკოვმა ბევრი რამ მაჩვენა. მან მითხრა, რომ სხვა ქვეყნის პირველი თავდაცვის მინისტრი ვარ, რომელიც ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში ჩავიდა. სუვერენულმა სახელმწიფოებმა უნდა გააგრძელონ თანამშრომლობა". - წერს ტვიტერზე ლიტვის თავდაცვის მინისტრი.

ტვიტერზე პოსტი გაავრცელა რეზნიკოვმაც.

"ლიტვა არა მხოლოდ სიტყვებით უჭერს მხარს უკრაინას. ანუშაუსკასის პერსონალური ვიზიტი ლიტველი ხალხისა და მთავრობის მტკიცე მხარდამჭერის გამომხატველია. სწორედ მათ გადმოგვცეს პირველი სტინგერებიც. მადლიერი ვარ ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორების მხრიდან საკუთარი პოზიციების მამაცი და გმირული დაფიქსირებისთვის". - წერს რეზნიკოვი სოციალურ ქსელში.

ბოლოს  არვიდას ანუშაუსკასი კიევს გასული წლის დეკემბერში ეწვია.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები