რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Nestlé: რუსეთში არაპირველადი მოხმარების პროდუქტის იმპორტი შეჩერებულია, წყდება KitKat-Nesquik-ის მიწოდება

კომპანია Nestlé რუსეთისთვის KitKat-ისა Nesquik-ის ბრენდების მიწოდებას შეწყვეტს. კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ უკვე შეაჩერეს არაპირველადი მოხმარების პროდუქციის იმპორტი და ექსპორტი რუსეთში.

"უკრაინაში ომი მიმდინარეობს, რუსეთში ჩვენი საქმიანობა მიმართული იქნება პირველად მოხმარების საკვების მიწოდებაზე, როგორიცაა ჩვილ ბავშვთა და ჰოსპიტალური კვება. მოგებას არ მივიღებთ. ამგვარი მიდგომა შეესაბამება ჩვენს მიზანს და ღირებულებებს. ჩვენ ვიცავთ კვების ძირითადი უფლების უზრუნველყოფის პრინციპში". – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

Nestlé ასევე აცხადებს, რომ მათ შეწყვეტის რუსეთში პროდუქტის რეკლამირება და ყველა კაპიტალური ინვესტიცია.

"რა თქმა უნდა, ჩვენ სრულად ვემორჩილებით რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ყველა საერთაშორისო სანქციას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ველით ქვეყანაში რაიმე სახის მოგების მიღებას, ნებისმიერი სარგებელი ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზაციებს გადაეცემა". – ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთს მსოფლიოს ქვეყნები სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ. მრავალმა დიდმა კომპანიამ რუსეთის ბაზარი უკვე სრულად დატოვა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

კომენტარები