რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

საელჩო: საქართველოში თითქმის 20 000 უკრაინელი ჩამოვიდა

კადრი ვიდეოდან / რადიო თავისუფლება

საქართველოში უკრაინის საქმეთა რწმუნებულის მოვალეობის დროებითი შემსრულებლის, ანდრეი კასიანოვის თქმით, ომის დაწყების შემდეგ საქართველოში თითქმის 20 000 უკრაინელი ჩამოვიდა. მისივე თქმით, 58-მა უკრაინელმა ბავშვმა უკვე დაიწყო ქართულ სკოლებში სწავლა.

"თქვენ იცით, რომ საქართველოშიც იმყოფებიან უკრაინელები. მათი რაოდენობა თითქმის 20 000-ია, ეს ციფრი ყოველდღე იცვლება. ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოში უკრაინის საელჩო მჭიდროდ მუშაობს საქართველოს მთავრობასთან, რომ დახმარებასა და მხარდაჭერას ჰქონდეს სისტემური ხასიათი. უკვე 58 უკრაინელი ბავშვი სწავლობს ქართულ სკოლებში. 50-მდე ბავშვის მშობელმა შეიტანა განაცხადი სკოლებსა და ბაღებში ჩარიცხვის შესახებ. უახლოეს მომავალში ჩვენ აუცილებლად მოვინახულებთ ამ სკოლებს, გავესაუბრებით ბავშვებს, მათ მშობლებს და სკოლის ხელმძღვანელებს. მადლობას ვუხდით საქართველოს ასეთი მხარდაჭერისთვის". – თქვა კასიანოვმა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები