რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"ქალაქი დივერსანტებისგან იწმინდება" – ირპინში უკრაინული პოლიცია დაბრუნდა

უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ კიევის ოლქში, ირპენში მუშაობა განაახლა. ინფორმაციას პოლიციის უფროსი, იგორ კლიმენკო Facebook-ზე ავრცელებს. 

"კიევის ოლქის პოლიციის წარმომადგენლები ამ მრავალტანჯული ქალაქის ტერიტორიაზე მზად არიან, შეასრულონ საკუთარი საპოლიციო ფუნქციები". - წერს ის. 

კლიმენკოს ინფორმაციითვე, ქალაქი დივერსანტებისგან იწმინდება, თუმცა იმ მოსახლეობის დახმარება და გაყვანა, ვინც კვლავ ირპენშია, მთავარ მიზნად რჩება. 

"სპეციალური ძალები მჭიდროდ თანამშრომლობენ უკრაინის სამხედრო ნაწილებთან და ეხმარებიან ქალაქში ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობის აღდგენას". - წერს ის. 

მისივე ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები ირპენის დაბომბვას აგრძელებენ. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები