რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პოდოლიაკი: ზელენსკისა და პუტინის შეხვედრა უკრაინაში მშვიდობის აღდგენის გასაღებია

President.gov.ua

"უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა არის გასაღები მშვიდობის აღდგენისთვის. ასეთი სამიტი შეიძლება ჩატარდეს მაშინ, როდესაც შემუშავებული იქნება შესაძლო კომპრომისები პირისპირ საუბრისთვის".- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა BBC-სთან ინტერვიუში თქვა. 

პოდოლიაკი ამბობს, რომ ნებისმიერი პრინციპული გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია მხოლოდ ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრაზე.  მისი თქმით, ზელენსკი დღეს ერთადერთი ადამიანია, რომელსაც ზუსტად ესმის ყველა ასპექტი იმისა, რაც დღეს ორ ქვეყანას შორის ხდება.

"ეჭვგარეშეა, რომ ასეთი შეხვედრა არის გასაღები მშვიდობისთვის, ის მზადდება და მომზადდება. გვაქვს კონტაქტები ჩვენს პარტნიორებთან, რომელთაც სურთ ამ შეხვედრის ორგანიზება, ბევრი ქვეყანაა დაინტერესებული, რომ ომის ცხელი ეტაპი დასრულდეს. მოლაპარაკების პროცესის ფარგლებში სამუშაო ჯგუფები შეიმუშავებენ წინასწარ დოკუმენტებს, რომლებიც გადაეცემა პრეზიდენტებს. ისინი შეაფასებენ, ეს უკვე "საგზაო რუკაა", რომელიც პირისპირ უნდა განიხილონ"- ამბობს პოდოლიაკი. 

აღსანიშნავია,რომ ზელენსკის თქმით, ის პუტინთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის, რადგან "ომის დასრულების 1%-იანი შანსიც ძვირფასია".


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები