გრიგოლ ვაშაძე

ვაშაძე: გიგა ბოკერიას აზრი მე ისე მაინტერესებს, როგორც გუშინწინ დამდნარი თოვლი

"გიგა ბოკერიას აზრი მე ისე მაინტერესებს, როგორც გუშინწინ დამდნარი თოვლი, რაც უნდა, ის ილაპარაკოს. უხეშ სიტყვებს არ ვიხმარ" – ასე გამოეხმაურა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე, დეპუტატი, გრიგოლ ვაშაძე ევროპული საქართველოს თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას კრიტიკას. 

გიგა ბოკერიამ გრიგოლ ვაშაძე 16 მარტს გაკეთებული შეფასების გამო გააკრიტიკა, როდესაც საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ხელისუფლება უკრაინასთან დაკავშირებით გადადგმული ნაბიჯების გამო შეაქო. 

"ამ ხელისუფლების ტრაგედია ხშირად მოქმედება კი არ არის, ამ ხელისუფლების ტრაგედიაა, როცა ვერბალურად ვერ ამბობ, რისი თქმაც გინდა... პუტინს რით უფრო ავნებ? სტუდიაში განცხადებით, თუ იმითი, რომ მის საწინააღმდეგოდ სამ საერთაშორისო ორგანიზაციაში დგამ იმისთანა ნაბიჯს, რომელიც ნამგალივით ერთ ადგილას ესობა პუტინს". – თქვა გრიგოლ ვაშაძემ TV პირველის ეთერში. 

იმავე ეთერში გრიგოლ ვაშაძის ამ ნათქვამს გიგა ბოკერია გამოეხმაურა და ის "კატასტროფად" შეაფასა. 

"ბატონ გრიგოლ ვაშაძეს, ასეთი პოლიტიკოსია, უსაუბრია ახლა, რომ თურმე, ეს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, უბრალოდ, პიარი არ უვარგათო. ვერ არტიკულირებენ ქვეყნის შიგნით, თორემ ევროსაბჭოში რომ ხმა მისცეს რუსეთის წინააღმდეგ, ამაზე მეტი რა უნდა ექნათო. ეს არის კატასტროფა". – თქვა ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ. 

გიგა ბოკერიას ამ კრიტიკასთან დაკავშირებით გრიგოლ ვაშაძეს შეკითხვა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დაუსვეს, რაზეც მან უპასუხა, რომ ყოფილი თანაგუნდელის აზრი ისე აინტერესებს, როგორც "გუშინწინ დამდნარი თოვლი" და ხელისუფლებასთან დაკავშირებით 16 მარტის შეფასება გაიმეორა. 

"ამ ხელისუფლებამ გადადგა ძალიან სწორი ნაბიჯები, რასაც გადადგამდა საქართველოს ყველა პატრიოტული ხელისუფლება. პირველი, უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას დაუჭირა მხარი. რუსეთის ფედერაციის გარიცხვას ევროპის საბჭოდან დაუჭირა მხარი. დიდი ბრიტანეთის ინიციატივას, რომ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ აღძრულიყო საქმე, დაუჭირა მხარი. არ ვთქვათ ეს? ანუ ვთქვათ, რომ ეს არ გაუკეთებია საქართველოს ხელისუფლებას? ეს ხომ იდიოტიზმია, მაპატიეთ". – ამბობს გრიგოლ ვაშაძე. 

კომენტარები