რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პოროშენკო: გთხოვთ, დაგვეხმარეთ სამყაროს გადარჩენაში, ბაიდენი უკრაინაში უნდა ჩამოვიდეს

Miguel A. Lopes/EPA-EFE/Shutterstock

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს თქმით, უკრაინა არ იბრძვის მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობისთვის. მისი განმარტებით, უკრაინელი ხალხი იცავს ევროპის უსაფრთხოებასა და თავისუფლებას.

"ჩვენ არ ვიბრძვით მხოლოდ უკრაინის მიწისთვის. ჩვენ ვიბრძვით ევროპის უსაფრთხოებისთვის, თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და გლობალური უსაფრთხოებისთვის. ასევე თქვენთვის, შეერთებული შტატებისთვის.

[..] ჩემი თხოვნაა, დაგვეხმარეთ მსოფლიოს, ევროპის გადარჩენაში. დაგვეხმარეთ, რომ გადავარჩინოთ". - თქვა ყოფილმა პრეზიდენტმა CNN-თან ინტერვიუში. 

პოროშენკომ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, სოლიდარობის დემონსტრირებისთვის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მომდევნო კვირას უკრაინაში ჩავიდეს. თეთრი სახლის ცნობით, 24  მარტისთვის პრეზიდენტი NATO-ს სამიტში მონაწილეობისთვის ბრიუსელში გაემგზავრება.

"ეს იქნება უკიდურესად სწორი ნაბიჯი დემონსტრაციისთვის, რომ მთელი მსოფლიო ჩვენ გვერდითაა რუსეთის წინააღმდეგ". - თქვა პოროშენკომ.

თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ჯენ ფსაკმა განმარტა, რომ ბაიდენი ბრიუსელში განიხილავს მიმდინარე "შეკავებისა და თავდაცვის მეთოდებს".

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები