საქართველო-უკრაინა

რუსეთს საქართველოს საჰაერო სივრცე არ გამოუყენებია – ელჩის მოვალეობის შემსრულებელი

საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, დროებითი რწმუნებული, ანდრი კასიანოვი ქართულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე პასუხად ამბობს, რომ რუსეთს საკუთარი ინტერესებისთვის საქართველოს საჰაერო სივრცე არ გამოუყენებია. 

ამის შესახებ ანდრი კასიანოვმა 18 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. 

"მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი იჩენს მზადყოფნას მოლაპარაკებებისთვის, ახლა ვიღებთ დასტურს, რომ მტერი აგზავნის დამატებით ჯარებს სხვადასხვა ქალაქიდან. სომხეთიდან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, აფხაზეთიდან და ცხინვალიდან. ეს არის პასუხი თქვენს შეკითხვებზე. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჯარისკაცების გადაყვანა სახმელეთო კომბინირებული გზით ხდება. საქართველოს საჰაერო სივრცის აგრესორი ქვეყნის ინტერესებისთვის გამოყენება ჯერ არ დაფიქსირებულა". – თქვა ანდრი კასიანოვმა. 

მთავარი არხის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მოსკოვმა საქართველოს საჰაერო სივრცე გამოიყენა და რუსული სამხედრო თვითმფრინავი მოსკოვიდან ერევანში თბილისის გავლით გაფრინდა, კასიანოვის შემდეგ Twitter-ზე ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურადა ხელისუფლება რუსეთის მხარეს ომში ჩართვაში დაადანაშაულა. 

"საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციას საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების ნება დართო. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ჩაერთნენ უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მხარეს. ქართველი ხალხი მათ ხელისუფლებიდან ჩამოიშორებს". – დაწერა მიხეილ სააკაშვილმა. 

სამხედრო თვითმფრინავის მიერ ქვეყნის საჰაერო სივრცის გამოყენებაზე ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტრომაც უარყო. სამინისტროს ცნობით, საქართველოს ცა გამოიყენა რუსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს კუთვნილებაში არსებულმა საჰაერო ხომალდმა II-76, სარეგისტრაციო ნომრით RA76429. 

"რეისი იყო ჩვეულებრივი სამოქალაქო დანიშნულების ფრენა, რომელსაც არ ესაჭიროება საქართველოს მხრიდან რაიმე დამატებითი ნებართვა - რეისის შესასრულებლად ავიაკომპანიის მიერ ივსება მხოლოდ ფრენის ელექტრონული გეგმა და იგზავნება ქალაქ ბრიუსელში, EUROCONTROL-ის სათაო ოფისის საჰაერო ნაკადების მართვის ცენტრში, სადაც ხდება ფრენის გეგმის დარეგისტრირება საერთო ელექტრონულ ბაზაში". – წერია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები