ჩინეთი: პატივს ვცემთ ყველა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, ჟაო ლიჯიანის თქმით, "ჩინეთი პატივს სცემს ყველა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას." მან აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და ჩინეთის პრეზიდენტ, სი ძინპინგს შორის გასამართ დიალოგამდე ისაუბრა, რომლის მთავარი საკითხი, სავარაუდოდ, უკრაინაში რუსეთის შეჭრა იქნება. 

"ჩინეთი ყველა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს, ემორჩილება გაეროს წესდების მიზნებსა და პრინციპებს, მნიშვნელობას ანიჭებს ყველა ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებს, მხარს უჭერს ყველა ძალისხმევას, რომელიც ხელს უწყობს კრიზისის მშვიდობიან დარეგულირებას, სამშვიდობო მოლაპარაკებებსა და ჰუმანიტარული სიტუაციის შემსუბუქებას." - განაცხადა ჟაომ.

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და ჩინეთის ლიდერი, სი ძინპინი დღეს, 18 მარტს ისაუბრებენ.

"[საუბარი იქნება] ჩვენს ორ ქვეყანას შორის კონკურენციის მართვაზე, ასევე, რუსეთის ომზე უკრაინის წინააღმდეგ და სხვა ორმხრივი ინტერესის საკითხზე.

[...] ეს არის ჩვენი მცდელობის ნაწილი შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის კომუნიკაციის  შესანარჩუნებლად". - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ. 

კომენტარები