რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

იტალიის მთავრობა მზადაა, დაბომბვის შედეგად განადგურებული მარიუპოლის თეატრი აღადგინოს

იტალიის მთავრობა მზადაა, რუსეთის შეირაღებული ძალების მიერ საჰაერო თავდასხმით განადგურებული მარიუპოლის თეატრი აღადგინოს. ამის შესახებ იტალიის კულტურის მინისტრი, დარიო ფრანჩესკინი წერს.

"იტალია მზად არის, მარიუპოლის თეატრი აღადგინოს. მინისტრთა კაბინეტმა მხარი დაუჭირა ჩემს შეთავაზებას, უკრაინას, რაც შეიძლება მალე უნდა გამოეყოს აღდგენისთვის საჭირო რესურსები და საშუალებები. მსოფლიოს ყველა თეატრი კაცობრიობის საკუთრებაა". – წერს ფრანჩესკინი.

16 მარტს რუსულმა თვითმფრინავმა მარიუპოლის დრამატული თეატრის შენობაზე ბომბი ჩამოაგდო. თეატრში ბომბსაფარი იყო მოწყობილი, რომელსაც ასობით ადამიანი აფარებდა თავს. ნანგრევებმა ბომბსაფარის შესასვლელი ჩახერგეს.

უკრაინელი დეპუტატის, სერგეი ტარუტას თქმით, თეატრში მოწყობილმა ბომბსაფარმა ავიაიერიშს გაუძლო და მასში შეფარებული ადამიანები გადარჩნენ.

"გაურკვევლობის საშინელი ღამის შემდეგ ომის 22-ე დღეს კარგი ამბავი მარიუპოლიდან. ბომბსაფარმა გაუძლო. ნანგრევების გაწმენდა დაწყებულია, ადამიანები ცოცხლები გამოდიან" - წერს ტარუტა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები