თბილისის მერია

კალაძე: შემდეგი კვირიდან თბილისის ბაგა-ბაღები უკრაინის მოქალაქე ბავშვების მიღებას შეძლებენ

კახა კალაძე
თბილისის მერია

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, შემდეგი კვირიდან თბილისის ბაგა-ბაღები უკრაინის მოქალაქე ბავშვების მიღებას შეძლებენ.  კალაძემ აღნიშნა, რომ საკრებულოსთან ერთად მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მათ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში მიღებისას პრიორიტეტი მიენიჭებათ. 

"ავამოქმედეთ მხარდაჭერის სხვადასხვა პროგრამა. ეს არის უფასო მგზავრობა მუნიციპალურ ტრანსპორტში. საჭიროა მხოლოდ უკრაინის მოქალაქეობის დამადასტურებელი პასპორტის ჩვენება. ასევე, სპორტული ინფრასტრუქტურის, საცურაო აუზების, ხელოვნების სკოლებისა და მუზეუმების უფასო წვდომის პროგრამები დედაქალაქში. გარდა ამისა, მინდა, მოგაწოდოთ კიდევ ერთი სიახლე - გადაწყვეტილება, რომელიც საკრებულოსთან ერთად მივიღეთ. აქ ჩარჩენილი უკრაინელი ოჯახების პატარები ჩვეულებრივად შეძლებენ ბაგა-ბაღების მომსახურებით სარგებლობას ყოველგვარი გადასახადების გარეშე".- ამბობს კალაძე. 

თბილისის მერმა უკრაინის დასახმარებლად შექმნილ ანგარიშზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ  შემომწირველების მხრიდან ანგარიშზე უკვე  მილიონ 117 ათას ლარზე მეტია ჩარიცხული.  

"უკრაინის დასახმარებლად გავხსენით სპეციალური ანგარიში სახაზინო კოდით -  300778800. დღეის მდგომარეობით, აღნიშნულ ანგარიშზე შემოწირული თანხის რაოდენობა მილიონ 117 ათასი ლარია, რაც ძალიან სასიხარულოა. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ კომპანიას და რიგით მოქალაქეებს, ვინც ჩართულია ამ პროცესში. მადლობა მათ მხარდაჭერისთვის. ეს თანხები მიმართული იქნება ჩვენი უკრაინელი დების და ძმების დასახმარებლად.  მომდევნო დღეების განმავლობაში, მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ როგორი ფორმით განვახორციელოთ ამ თანხის უკრაინაში გადარიცხვა - ეს იქნება ისევ პროდუქტების შეძენა თუ თანხის პირდაპირ გადარიცხვა.  გვექნება კონსულტაციები უკრაინის საელჩოსთან და ამის შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებას".- ამბობს კალაძე. 

 

კომენტარები